აჭარის ხელისუფლებამ დამკვირვებელი გაათავისუფლა
(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არჩევნებზე დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც აჭარის ხელისუფლებამ დააკავა, 7 დეკემბერს გაათავისუფლეს. 21 წლის გიორგი მშვენიერაძე აჭარის პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა, მაშინ როცა იგი ქობულეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებდა. მას ქობულეთის ერთ-ერთი ოლქში ხულიგნობასა და არჩევნების განზრახ ხელისშეშლაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით მას აჭარის ადგილობრივმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მშვენიერაძე მაშინ დააკავეს, როცა მან არჩევნების გაყალბების ფაქტი შენიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს უცხოელ დიპლომატებთან და სთხოვეს მათ შუამავლობა გაეწიათ მშვენიერაძის გათავისუფლების საქმეში. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ ბათუმში მოლაპარაკებები გამართა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა გიორგი მშვენიერაძის უკანონო დაკავების საკითხიც განიხილეს. “გიორგი მშვენიერაძე თავის მოვალეობებს ასრულებდა არჩევნების დროს და იმედი გვაქვს, რომ აჭარის სასამართლო სამართლიანი იქნება”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)