კოლინ პაუელი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ იგი დაესწრება 25 იანვარს დაგეგმილ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას.

“მე დასწრების ძალიან დიდი სურვილი მაქვს” – განაცხადა კოლინ პაუელმა. მან 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს წარმატებული უწოდა.

ხმათა 94% დათვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს 96%.

მიხეილ სააკაშვილმა, კოლინ პაუელის განცხადების კომენტარისას განაცხადა, რომ იგი გაკვირვებულია, რადგან წინასწარ არაფერი იცოდა პაუელის სურვილის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ მას 7 იანვარს სატელეფონო საუბრები ჰქონდა როგორც პაუელთან, ასევე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.

“ეს (ინაუგურაციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დასწრება) უპრეცენდენტო ფაქტია” – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

კოლინ პაუელმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის, როგორც თვითონ თქვა “ჩვენი კარგი მეგობრისა და ძველი კოლეგის,” გადაწყვეტილება გადამდგარიყო. “ეს იმიტომ გააკეთა, რათა ძალადობა აეცილებინა თავიდან” – დასძინა კოლინ პაუელმა.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ცერემონია – 25 იანვარს, ემთხვევა ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)