ინტერვიუ ცსკო-ს თავმჯდომარესთან

ინტერვიუ ცსკო-ს თავმჯდომარესთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან









ცსკო-ს თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებისას
გართულებებს არ ელის.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღესვე 28 მარტს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას დაიწყო.

ცსკო-ს მოკლე დროში მოუწევს ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა საარჩევნო სიების კომპიუტერიზაცია და საარჩევნო ადმინისტრაციების წევრების კვალიფიკაციის ამაღლება.

„სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ცსკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, გასაკეთებელი კი ბევრია.

ჭიაბერაშვილი, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე „სამართლიან არჩევნებს“ ხელმძღვანელობდა, ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები პარიტეტის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. „იდეალური იქნებოდა, რომ ადმინისტრაციები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს კი არა, პროფესიონალებს დაეკომპლექტებინათ“, – დასძინა ჭიაბერაშვილმა.

როგორ შეფასებას მისცემთ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს?

მე ვთვლი, რომ ეს არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა შესრულდა – არჩევნების საბოლოო შედეგებში აისახა, მოსახლეობის სურვილი. 

თუმცა არჩევნებს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებდა გაუბედავად. ჩვენი პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ დაბალია და თუ რამე არ დავარღვიეთ მეტწილად იმის გამო, რომ იყო კონტროლი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და იყო ქვედა დონის ადმინისტრაციებზე ძალიან მკაცრი მითითება ჩვენი მხრიდან, რომ დარღვევები დაუსჯელი არ დარჩებოდა.

მთავრი საზრუნავი არის კვალიფიკაციის ამაღლება, თებერვალში ვგეგმავთ საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სერიოზული ტრეინინგების ჩატარებას.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაცია ამაღლდეს.

ძირითადად რა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა?

ტიპოლოგიის გაკეთება ჭირს იმიტომ, რომ ერთი და იმავე ტიპის მასობრივი დარღვევა არ ყოფილა. მარნეულში და ოზურგეთში თითო-თითო უბანი გაუქმდა ბიულეტენების ჩაყრის გამო, მაგრამ ჩაყრის ფაქტებს მასიური ხასიათი არ მიუღია.

იყო პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კომისიების არაპროფესიონალიზმის მიზეზით. საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც მარკირებას ეჭვის თვალით უყურებენ.

მესამე ძირითადი პრობლემა იყო ოქმები. ოქმების შევსება ძალიან დიდი პრობლემა აღმოჩნდა კომისიებისათვის ორი რამის გამო – ოქმის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, ლამის აინშტაინი უნდა იყო, რომ ის შეავსო და მეორე იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა კვალიფიციური ტრეინინგი ვერ გაიარეს.

ოპონენტები აცხადებენ, რომ 17 წამში ხმის მიცემის ფაქტები მრავლად დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. 
 
ასეთი ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მრავლად არ იყო, რადგან 2000 კაციანი უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით არ არის ბევრი. პროცედურები იყო საკმაოდ სწრაფი, რადგან ამომრჩეველთა სიები იყო ორგანიზებული და მოწესრიგებული. ამომრჩეველს ჰქონდა კუთვნილი რიგითი ნომერი, ადვილად იღებდა ბიულეტენს, აგდებდა ყუთში და ტოვებდა საარჩევნო უბანს.

ცალკე იყო მაგიდა იმ ამომრჩევლისთვის ვინც არ იყო სიაში და გადიოდა რეგისტრაციას არჩევნების დღეს. თუმცა თუ არსებობს ეჭვი, რომ მოხდა ბიულეტენების ჩაყრა, მაშინ უნდა წარმოგვიდგინონ საბუთები და ამაზე იმსჯელებს კომისია.

2 ნოემბერსაც იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ მაშინ დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ის, რომ 5 საათამდე უბანზე იყო მისული 100 კაცი, ხოლო 5-დან 7 საათამდე იყო დაფიქსირებული 1500 კაცი. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ეს ფაქტები უკვე დოკუმენტური მასალა იყო.

რით ახსნით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებებში მოყვანილ მოსაზრებას, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები “სუსტად” გამოიყურებოდნენ ამ არჩევნებზე?

ადგილობრივი დამკვირვებლის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია, მე მაქვს ამის თქმის უფლება, როგორც ყოფილ დამკვირვებელს.

ისინი შეიძლება სუსტად  გამოიყურებოდნენ ორი მიზეზის გამო. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ამ არჩევნებისთვის ბევრი არაფერი ჰქონდა სასაყვედურო ცსკო-ს და ჩვენი მისამართით ცოტა კრიტიკა ისმოდა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მთლიანად სამოქალაქო სექტორში ამ არჩევნებზე. დრო იყო ცოტა, ხელისუფება იყო ახალი და ფაქტიურად გამოცდის წინაშე იდგა მათი პოლიტიკური ნება სურთ თუ არა მათ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ერთგვარ ზოგადი დამკვირვებლის როლში უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ დარღვევებზე ორიენტირებული.

კიდევ ერთი ზოგადი მომენტი არის ის, რომ დაიწყო სამოქალაქო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში კადრების გადასვლის პროცესი. ეს ამ ეტაპზე ასუსტებს სამოქალაქო სექტორს, მაგრამ მე ვფიქრომ, რომ იმდენი ადგილი თავისუფლდება სამოქალაქო სექტორში, რომ უნდა მოხდეს ახალი კადრების მოდინება. ეს აუცილებელია, რათა სამოქალაქო სექტორმა დღეს ისეთივე კონტროლი გაუწიოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. 

რა პრობლემები იყო აჭარაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით?

სპეციალური დადგენილებით, ამომრჩევლის საერთო რაოდენობად აჭარაში განვსაზღვრეთ 78 ათასი ამომრჩეველი, იმის მიუხედავად, რომ ვიცით რეალური ამომრჩეველი გაცილებით მეტია. ჩვენ იმთავითვე ვაცხადებდით, რომ ამომრჩევლად ჩაითვლებოდა ის, ვინც საარჩევნო რეგისტრაციას გაივლიდა.

აჭარაში უბნები არ გახსნილია საარჩევნო რეგისტრაციისთვის. იქ რეგისტრაციის პროცედურა მხოლოდ არჩევნების დღეს მოქმედებდა და ამიტომ მივიღეთ მხოლოდ 78 ათასი.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ დამატებითი ვადები მათთვის ვისაც არ გაუვლია რეგისტრაცია და 2,2 მილიონიან სიაში არ მოხვედრილა [ამჟამად ცსკო-ს მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2,2 მილიონია]. საპარლამენტო არჩევნებამდე აჭარის საუბნო კომისიებს მიეცემათ საშულება, რომ რეგისტრაციაში გაატარონ ყველა ამომრჩეველი, რომელიც 4 იანვარს არ დარეგისტრირებულა. ჩვენ დოკუმენტად ვიღებთ ამომრჩევლის რეგიტრაციის ფორმას, რომელიც ყოველი ამომრჩეველის შესახებ უნდა იყოს შევსებული, რაც გახდება სიის ბაზისი. ბუნებრივია,  აჭარაშიც უნდა შეივსოს ეს ფორმები.

როგორია ცსკო-ს გეგმები საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით?

დღესდღეობით მთავარი ამოცანაა ამომრჩეველთა სიების კომპიუტერული ვერსიის მომზადება. როდესაც მომზადდება ნაბეჭდი, ანუ კომპიუტერული ვერსია და უბნებზე დაიგზავნება, იქ შევა შესწორებები, რომლის კვლავ კომპიუტერული დამუშავება უკვე ვეღარ მოესწრება. ამიტომ 28 მარტს იქნება შერეული სია, ანუ იქნება კომპიუტერიზირებულიც და ხელნაწერიც.

ჩვენ ორი პრაქტიკული ამოცანა გვაქვს, ერთი, რომ მოვამზადოთ 2,2  მილიონი ამომრჩევლის კომპიუტერული სია და მეორე ის, რომ შევინარჩუნოთ ორგანიზებულობა სიებში, რათა არ შეიქმნას ქაოსი.

ვინც იქნება კომპიუტერიზირებულ სიებში, ის თავის თავს იპოვის უკვე ანბანურად, ხოლო ის ვინც გაივლის რეგისტრაციას 28 მარტამდე ან 28 მარტს, ისინი სიებში მოხვდებიან კუთვნილი ნომრების მიხედვით და მათი კომპიუტერიზაცია უკვე შემდეგი არჩევნებისთვის მოხდება.

პრაქტიკულად მთელი თებერვალი ჩვენ ვიქნებით დაკავებული სიების კომპიუტერიზაციით. ამ პროცესზე პასუხისმგებელი ცსკო იქნება მთლიანად, დაფინანსებას კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გაწევს.

საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაწიონ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. დაფინანსებასთან დაკავშირებით ხომ არ ელით პრობლემებს?

არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ აბსოლიტურად გაურკვეველია იმ ბიუჯეტში, რომელიც არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარდეს, რამდენი იქნება სახელმწიფო სახსრების წილი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ უნდა განაცხადოს თავად. (ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 იანვარს დაამტკიცა არჩევნების ბიუჯეტი, რომელიც 7 მილიონ ლარს შეადგენს – “სივილ ჯორჯია”).

როგორ ფიქრობთ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები იქნება ისეთივე წყნარი, როგორც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო?

არა, მაგრამ არც ძალიან განსხვავებული. არჩევნების სახეს  განსაზღვრავს ორი რამ – რამდენად არიან მზად საუბნო კომისიები და რამდენად მშვიდ გარემოში უწევს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება.

საპრეზიდენტო არჩევნები არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, საპარლამენტო არჩევნებში კი უკვე რამოდენიმე პარტიის ინტერესები ეჯახება ერთამეთს. ეს კონკურენცია რა გავლენას იქონიებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე?

პარტიული ინტერესები შეიძლება გამოვლინდეს პოლიტიკურ დებატებში ტელევიზიით, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას ძალადობის ფაქტებს, როგორც ამას 2 ნოემბრის არჩევნებში ჰქონდა ადგილი, მე ნამდვილად არ ველოდები.

დაძაბულობის ხარისხი რა თქმა უნდა უფრო დიდი იქნება, მაგრამ არა მგონია, რომ მან მწვავე ფორმები მიიღოს.

ახალი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიები აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ არჩევნების მარტში დანიშვნას. არჩევნების მოკლე ვადებში ჩატარება ხომ არ იქონიებს ნეგატიურ გავლენას მასზე?

მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ პოლიტიკურად შესაძლოა კარგი იყო არჩევნების მოკლე პერიოდში ჩატარება, მაგრამ ტექნიკურად და ადმინისტრაციულად ეს რთულია. შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს სიებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაწყვეტა.

მთავარია, რომ ადმინისტრაციების დაკომპლექტება სრულყოფილად მოესწროს და დაფინანსებასთან დაკავშირებით არ შეგვექმნას პრობლემები.

თქვენ კომისიების დაკომპლექტებაზე საუბრობთ და როგორ ფიქრობთ ის წესი, რომელიც დღეს მოქმედებს და ერთი პოლიტიკური ძალის კონტროლქვეშ აქცევს კომისიებს, რამდენად სამართლიანია?

ამ ეტაპზე მხარს ვუჭერ პარიტეტის საფუძველზე შექმნილ კომისიებს, მაგრამ არავინ არ საუბრობს ამ თემაზე. თუ პარტიები არ აცხადებენ ამაზე პრეტენზიას, მაშინ ცსკო-ს თავმჯდომარემ რა უნდა ქნას? პარიტეტი ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ იქმნება საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობის პარალიზების საშიშროება ცალკეული პარტიების მხრიდან.

ჩემი აზრით პროფესიული ადმინისტრაციები არის ჩვენი ამოცანა. პარლამენტის არჩევნების შემდეგ ცსკო უკვე მთლიანად უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით. უნდა შემცირდეს კომისის შემადგენლობაც, რადგან 15 წევრიანი ადმინისტრაცია, განსაკუთრებით ზედა დონეზე სრულიად ზედმეტია.

პარლამენტის გადასაწყვეტია ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს შეცვლის თუ არსებულს დატოვებს. თუკი 28 მარტამდე შეიცვლება დაკომპლექტების წესი, შეძლება ამან დიდი გავლენა არ მოახდინოს ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ მაინც დიდი დაბრკოლება შემნას, იმ თვალსაზრისით, რომ დღის წესრიგში საერთოდ არჩევნების გადადების საკითხი დადგეს.