პაუელმა საქართველოს აშშ-ის დახმარება აღუთქვა







პაუელის თქმით სააკაშვილმა მასზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდიან.
25 იანვარს საქართველოში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მისი თქმით, იგი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს თავისი რუსი კოლეგები, რომ “მოსკოვმა უნდა შეასრულოს სტამბულის 1999 წლის ხელშეკრულება და გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.”
 
რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარდა, კოლინ პაუელი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან, რომელიც ასევე დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას თბილისში.
 
ივანოვმა და პაუელმა ორივემ გადასცეს სააკაშვილს ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მოწვევა მოსკოვსა და ვაშინგტონში. სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას 25 თებერვალს შეხვდება, ხოლო რუსეთმა სააკაშვილი თებერვლის დასაწყისისთვის მიიწვია.
 
ინაუგურაციის წინ მიხეილ სააკაშვილმა და კოლინ პაუელმა ერთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს წამყვან სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ადგილი.
 
„ ამიტომაც ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ჩვენს ყველა მეზობელთან“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით, ინაუგურაცუაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ისწრაფვის ევროპაში ინტეგრაციისკენ, თუმცა ასევე მზად არის „მეგობრობის ხელი გაუწოდოს რუსეთს.“
 
„ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება კონკურენციას ჰქონდეს ადგილი ამერიკასა და თქვენს სხვა მეზობლებს. ეს არის შანსი  ყველა ჩვენთაგანისთვის, თქვენი მეზობლების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ეკონომიკის მშენებლობის ამ ურთულეს პერიოდში. თქვენ მაგალითი უნდა გახდეთ როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს რეფორმების განხორციელება ქვეყანაში“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
 
კოლინ პაუელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს რუსული სამხედრო ბაზების ჩანაცვლებას ამერიკული ბაზებით. „ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ [საქართველოში სამხედრო] ბაზებზე“, – განაცხადა მან.
 
„ის აზრი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგებას გეგმავს, მცდარია. რასაც გადავწყვეტთ საქართველოსთან მიმართებაში, ეს ორი ქვეყნის განხილვის საგანი გახდება. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ბაზების განლაგებას და ის შეშფოთება, რომელიც ხშირად გვესმის ამის თაობაზე, უსაფუძვლოა“ – დასძინა კოლინ პაუელმა.
 
უთანხომოება ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული ორი რუსული სამხედრო ბაზის გამოყვანის ვადების თაობაზე ჯერ კიდევ არსებობს.  რუსული მხარე 10-11 წლის ვადაში მოითხოვს ბაზების გაყვანას. ამასთან ერთად გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციასაც ითხოვს.  
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ „ის თანხა, რომელიც რუსულმა მხარემ დაასახელა ბაზების გამოსაყვანად, სავსებით მიუღებელია ჩვენთვის“. საუბარია რამოდენიმე ასეულობით მილიონ დოლარზე. 
 
„ჩვენ მზად ვართ ბაზების გამოსაყვანად გარკვეული დაფინანსება გამოვყოთ. ჩვენ ველით, რომ რუსეთი წარმოადგენს ბაზების გამოყვანის გარკვეულ გეგმას და სქემას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ დახმარებაზე“ – განახაცა კოლინ პაუელმა.
 
აშშ-ის სახემლწიფო მდივნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ მაისში იწურება, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები კვლავ ჩამოვლენ საქართველოში, რათა დარწმუნდნენ  არის თუ არა შემდგომი დახმარება საჭირო. აშშ-მა პროგრამის ფარგლებში, ხუთი ქართული ბატალიონის წვრთნისა და აღჭურვისთვის 64 მილიონი დოლარი გამოყო.
 
„წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ თავის მისიას მაისში დაასრულებს. ამგვარად, პროგრამა დასრულდება.  მაისის შემდეგ დამყარდება ურთიერთკავშირი ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. დროდადრო სამხედრო ინსტუქტორები შესაძლოა კვლავ ჩამოვიდნენ, რათა ნახონ საჭიროა თუ არა შემდგომი დახმარება“, – განაცხადა პაუელმა.
 
აშშ-სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა განახორციელებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს, დაიცავს ადამიანთა უფლებებს და აღმოფხვრის კორუფციას.
 
კოლინ პაუელის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ახალმა მთავრობამ, და იმ „ენერგიულმა მცდელობებმა“, რომლითაც ახალი ხელისუფლება აპირებს არსებულ პრობლემებთან გამკლავებას.
 
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს პრეზიდენტმა და ახალი მთავრობის წევრებმა, ვისაც მე შევხვდი: ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც იქ იყვნენ. მე ვფიქრობ, მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ის პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.  ისინი მზად არიან, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენონ“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.


მისივე თქმით, აშშ-ის 2004 წლის ბიუჯეტში 166 მილიონი დოლარი სპეციალურად საქართველოს დასახმარებლად არის გამოყოფილი.