ევროკავშირმა შესაძლოა კავკასია „ფართო ევროპის“ პოლიტიკაში ჩართოს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 იანვარს ბრიუსელში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ საქართველოს მხარდასაჭერად აქტიური ზომები მიღების საჭიროებაზე.


ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიენ კოუენმა , რომელიც საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო თბილისში, განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას ოფისი ივნისის ბოლოს გასცემს რეკომენდაციას კავკასიის სამი ქვეყნის [საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის]  ევროკავშირის „უფრო ფართო ევროპის“ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე.


„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ჩვენ განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას კორუფციასთან ბრძოლაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე“, – განაცხადა კოუენმა.


ხავიერ სოლანამ თბილისში 14-15 იანვრის ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები საქართველოსთან“.


ევროკავშირი ასევე ურჩევს  საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალისხმევა არ დაიშუროს და სათანადოდ მოემზადოს 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.