ევროსაბჭო საქართველოს საარჩევნო რეფორმებისკენ მოუწოდებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 იანვარს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მიიღო, რომელთა თანახმადაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს.
„ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისულფებას დაუყონებლივ გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კოდექსში და სხვა საარჩევნო კანონმდებლობებში ევროსაბჭოს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე ურჩევს საქართველოს მოაგვაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვა უფრო დაბალი დონის კომისიების დაკომპლექტების საკითხი, რათა მოგვარდეს ყველა პოლიტიკური ძალის დაბალანსებული, სამართლიანი და თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპი.
რეკომენდაციების სია ასევე შეიცავს ხმის მიცემის პროცედურის გამარტივების საკითხს და ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას, რათა ერთხელ და საბოლოოდ შედგეს ერთიანი ელექტრონული სია და ბოლო მოეღოს არჩევნების დღეს ამომრჩეველთა სიებში შეყვანის პრაქტიკას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების გაყალბებას.
ასამბლეას მიაჩნია, რომ 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება იმისა, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს ახალ ხელისუფლებას უზრუნველყოს დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარება.
This post is also available in: Русский (რუსული)