მმართველ კოალიციაში პირველი სერიოზული დაპირისპირებაა
![]() |
ბურჯანაძე საბოლოო გადაწყვეტილებას |
ორი წამყვანი პარტიისგან შემდგარმა მმართველმა კოალიციამ საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკო) 26 თებერვალს ვადის ამოწურვის ბოლო მომენტში წარადგინა.
პრეზიდენტ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ და პრემიერ-მინისტრ ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლები საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ნინო ბურჯანაძესთან პარტიული სიის პირველი 100 ადგილის გადანაწილებასთან დაკავშირებით. კოალიცია იმედოვნებს, რომ ახალ პარლამენტში 100-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი თავიანთი მხარდამჭერი მოხვედრილიყო პირველ 100 კაცში, რათა თითოეულს საკუთარი დასაყრდენი ყავდეს პარლამენტში.
არსებული ინფორმაციით, ნახევარზე მეტი პირველ ასეულში სააშვილის მხარდამჭერებს ერგოთ, დაახლოებით 30 – ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერებს, კიდევ უფრო ცოტა, დაახლოებით 20-მდე ნინო ბურჯანაძეს მომხრეებს. თუმცა, პარლამენტის თავჯდომარეს უფრო მეტი თავისი მხარდამჭერის შეყვანა სურდა სიაში.
„ზოგჯერ მგონია, რომ ვიღაცას უნდა ჩემგან გაიგოს: აღარ მინდა ვიყო პარლამენტის თავჯდომარე. მე ამაზე ვიფიქრებ და საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ მივიღებ [რომელიც ამერიკიდან 28 თებერვალს ბრუნდება]“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 26 თებერვალს.
მან ასევე დასძინა, რომ ლიდერებს შორის სიებთან არსებული შეთანხმება ბოლო მომენტში დაირღვა. მან ასევე ეჭვი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რატომღაც ვერ ახერხებს აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებას და გასაუბრებას.
ნოემბრის უსისხლო რევოლუციის სამი ლიდერი – სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე – მმართველი კოალიციის შექმნაზე წლის დასაწყისში შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ჟვანია – პრემიერ-მინისტრი, ხოლო ბურჯანაძე ახალ პარლამენტში თავჯდომარის პოსტს დაიკავებს.
პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ კოალიციის ერთიანობას საფრთხე ემუქრებოდა.
მოგვიანებით ჟვანიას მოკავშირემ და მისი პარტიის ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „სიტუაცია მართლაც რთული იყო, ჩვენ დიდი პრობლემების წინაშე ვიდექით“.
„თუმცა, საბოლოოდ ჩვენ შევძელით პარტიული სიების წარდგენა, რომელიც, როგორც ვფიქრობთ, იმ პირებისგან შედგება, რომლებიც იმსახურებენ, რომ გახდნენ დეპუტატები“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა 26 თებერვალს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნინო ბურჯანაძემ 2 ნოემბერს ქუთაისის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა. რადგანაც სასამართლომ მხოლოდ 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმა, ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც სხვა გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები, შეინარჩუნებენ თავიანთ მანდატებს.
ეს უკვე მეორედ ხდება, როდესაც ნინო ბურჯანაძე პრეტენზიებს გამოთქვამს თავიაი მოკავშირეების – პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მისამართით.
პირველი შეუთანხმებლობა მაშინ წარმოიშვა, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა ჟვანიამ თებერვლის დასაწყისში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა შემოიტანეს. საკონსტიტუციო ცვლილებები ზრდიდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტის ხარჯზე, მაშინ როცა ნინო ბურჯანაძე ძლიერ საკანონმდებლო ორგანოს უჭერდა მხარს.
მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძე დათანხმდა წინადადების მიღებაზე, რათა შეენარჩუნებინა ლიდერთა ერთიანობა. „ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მან თებერვლის დასაწყისში.
როგორც სჩანს, მიუხედავად პრეტენზიებისა თავის მოკავშირეების მიმართ, ნინო ბურჯანაძე მაინც დათანხმდება სააკაშვილისა და ჟვანიას წინადადებებს პარტიული სიების თაობაზე, რათა შეინარჩუნოს ერთობა მმართველ კოალიციაში.
თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი აცხადებს, რომ ეს ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს.
„თუ ხალხის პროტესტი ახალი ხელმძღვანელობის მიმართ გაიზრდება, ჩვენ ახალი ოპოზიციის შექმნის მოწმენი გავხდებით, და ეს ოპოზიცია ახლანდელი მმართველი კოალიციის წევრებისგან წარმოიშვება,“ – განუცხადა რადიო „თავისუფლების“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ „სივილ ჯორჯიას“.
მოსალოდნელია, რომ სიტუაცია 28 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა, როდესაც ბურჯანაძე პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.
