სააკაშვილი უარყოფს ჩეჩნების ფარული ექსტრადიციის ფაქტს
BBC-სთვის 8 მარტს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ფარულად მოახდინა რუსეთისთვის ორი ჩეჩნის ექსტრადიცია“, თუმცა მათ „შეიარაღებული მებრძოლები“ მაინც უწოდა.
ორი ჩეჩენი – ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალკანოვი – საქართველოში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც თბილისის სასამართლომ 6 თებერვალს მოუხსნა მათ ბრალდება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის და საქართველოში უკანონოდ შემოსვლის თაობაზე.
მოგვიანებით, რუსეთის უშიშროების სამსახურმა ორივე მათგანი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავა. საქართველოს ჩეჩნეთის დიასპორამ ეჭვები გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი ჩეჩენი მოიტაცა და ფარულად გადასცა რუსეთს.
„ეს სამართლიანი განცხადებებია. ჩვენ არ გვჭირდება ფარული ექსტრადიციები“, – განუცხადა სააკაშვილმა BBC-ს.
„მე საკმაოდ ვინერვიულე ამ ინფორმაციის თაობაზე [ჩეჩნების გაუჩინარებაზე]. რუსეთის განცხადებით, ისინი [ჩეჩნები] რუსეთის საზღვარზე დააკავეს, რაც არარეალურად მეჩვენება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიუხედავად თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც ჩეჩნები გაათავისუფლა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ისინი მებრძოლები იყვნენ.
ორი ჩეჩენი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა 2002 წლის აგვისტოში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს. ხუთი მათგანის ექსტრადიცია რუსეთში მაშინვე მოხდა. თუმცა, მულკოევმა და ალხანოვმა შეძლეს ექსტრადიციის თავიდან აცილება წარმატებული სასამართლო პროცესის შედეგად.
შვიდთვიანი სასამართლო პროცედურების შემდეგ, გასულ მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ალხანოვისა და მულკოევის ექსტრადიციის თაობაზე.
მიუხედავად ამისა, ისინი არ გაათავისუფლეს, რადგანაც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მათ საზღვრის უკანონო გადმოკვეთასა და იარაღის ტარებაში სდებდნენ ბრალს. თუმცა, სასამართლომ ისინი 2004 წლის 6 თებერვალს, წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)