მმარველი პარტია საპარლამენტო თანამდებობს ინაწილებს







პარლამენტმა 235-დან 217 დეპუტატის
უფლებამოსილება დაამტკიცა.
მეოთხე მოწვევის პარლამენტმა მუშაობის პირველი ორი დღე ძირითადად პოსტების გადანაწილებას დაუთმო. პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ ნინო ბურჯანაძე იქნა არჩეული. საპარლამენტო თანამდებობების დიდი უმრავლესობა კი როგორც მოსალოდნელი იყო მმართველი პარტიის წევრებს შორის გადანაწილდა.

22 აპრილს, პირველივე სხდომაზე პარლამენტმა 235 დეპუტატიდან მხოლოდ 217 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს, ვინც არ გაიარა სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმება, პარლამეტი მოგვიანებით დაუბრუნდება. მათ შორის არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე როსტომ ჯაფარიძე, ასევე მემარჯვენეების ყოფილი ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე.

პირველ ეტაპზე პარლამენტმა თავი შეიკავა 1991 წელს აფხაზეთიდან არჩეული 12 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაზეც. ამ დეპუტატებს ყველა წინა მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილებას ავტომატურად უგრძელებდა, რაც მათ მუდმივ წარმომადგენლობას უზუნველყოფდა საკანონმდებლო ორგანოში. ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკურად იყო გამართლებული, ვიდრე სამართლებრივად. პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე, იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სამართლებრივი დასკვნის შემდეგ დაუბრუნდება.

პარლამენტის თავმჯომარის უალტერნატივო კანდიდატურას ნინო ბურჯანაძეს 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთადერთი წინააღმდეგი იყო მმართველი პარტიის ყოფლი წევრი კობა დავითაშვილი.


პარლამენტში შეიქმნა ოთხი ფრაქცია. მათ შორის ყველზე მრავალრიცხოვან ფრაქციაში “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” 138 დეპუტატი გაერთიანდა. სახელისუფლებო ფრაქციისა და უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე გახდა.  


ხელისუფლების მხარდამჭერმა 20-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა ცალკე ფრაქცია შექმნეს – „მაჟორიტარები,“ რომელსაც ბესო ჯუღელი უხელმძღვანელებს. 22 დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატი გაერთიანდა „დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილი გახდა, რომელიც ხელისუფლებისადმი ლოიალურ პოზიციებს არ მალავს.


ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მხოლოდ ერთი ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიცია” ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში დავით გამყრელიძე ჩაუდგა. ოპოზიციურ ფრაქციაში მხოლოდ 17 დეპუტატი გაერთიანდა.


დიდი სურვილის მიუხედავად მემარჯვენე ოპოზიციამ უმცირესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. უმცირესობის ჩამოყალიბებისათვის პარლამენტის რეგლამენტი მკაცრ მოთხოვნებს აწესებს – უმცირესობის შექმნა საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა ნახევარზე მეტს შეუძლია. “მემერჯვენე ოპოზიცია” კი საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს ვერ აგროვებს, შესაბამისად ვერ აფორმებს საპარლამენოტო უმცირესობას. აქედან გამომდინარე, რეგლამეტის მიხედვით, “მემარჯვენე ოპოზიცია” ვერც ვიცესპიკერის და ვერც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობს ვერ მიიღებს. 


პარლამენტს ამ ეტაპზე ერთადერთი ვიცე სპიკერი ეყოლება. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამ პოსტზე პარლამენტმა 23 აპრილს აირჩია. 


დანარჩენი სამი ვიცე სპიკერის სავარძელი ჯერ-ჯერობით თავისუფალია. აჭარის დეპუტაციის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ვახტანგ აბაშიძის მხარდაჭერაზე უმრავლესობამ უარი განაცხადა და ამ მოტივით კენჭისყრა გადაიდო. აფხაზეთის დეპუტაციის უფლებამოსილების ცნობამდე მათთვის განკუთვნილი ერთი ვიცესპიკერის პოსტიც ვაკანტური დარჩება. მესამე ვიცე სპიკერის პოსტი, რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის. თუმცა იმის გამო რომ ვერ ხერხდება “მემარჯვენე ოპოზიციის” მხრიდან უმცირესობის გაფორმება, შესაბამისად ერთი ვიცე-სპიკერის პოსტიც ვაკანტური რჩება.


23 აპრილს პარლამენტმა ასევე აირჩია საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები. ცამეტი საპარლამეტო კომიტეტიდან თორმეტი კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელია.


აგრარულ საკითხთა კომიტეტს ნაციონალი გია ხევიაშვილი უხელმძღვანელებს; ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ელენე თევდორაძე იქნება; საფინანსო საბიუჯეტო საკითხებს რომან გოცირიძე წარმართავს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს – ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ლევან ბერძენიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს – კახეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი თამაზ ხიდაშელი, ახლადშექმნილ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – უშიშროების საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ბაქრაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს – გივი თარგამაძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს – ედუარდ სურმანიძე; იურიულ საკითხთა კომიტეტს – ლევან ბეჟაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს –საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში კოტე გაბაშვილი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს – ლადო ჭიპაშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს – ხათუნა გოგორიშვილი.


ერთადერთი კომიტეტი, რომელიც “დამოუკიდებელი მაჟორიტარების” ფრაქციის წევრს ნიკო ლეკიშვილს დაუთმო მმართველმა პარტიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. 
 
პირველივე სხდომაზე დეპუტატებმა შეასრულეს არჩევნებმდე პრეზიდენტისთვის მიცემული პირობა და უარი თქვეს საპარლამენტო იმუნიტეტზე. მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პროკურატურას პარლამენტის თანხმობის გარეშე აქვს უფლება აღძრას სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის მიმართ, თუმცა მის დაპატიმრებაზე კვლავ პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.


პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ითანამშრომლებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, „თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ მოვერიდებით ხელისუფლების კრიტიკასაც.“


„ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თუ როგორ სრულდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების განხორციელება“ – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)