უთანხმოების ნიშნები უმრავლესობაში







საპარლამენტო უმრავლესობას ერთი დეპუტატი
დააკლდა.
ახალი პარლამენტის პირველი შეკრებიდან ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რომ უმრავლესობა, რომელიც პრეზიდენტის დასაყრდენ ძალას წარმოადგენს პარლამენტში, ერთმა დეპუტატმა უკვე ოფიციალურად დატოვა. თუმცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

“ნაციონალებისა და დემოკრატების ერთობა არის ძალიან მყარი. დეზინტეგრაციული პროცესების დაწყებას არ ველი, ვისაც არ უნდა ამ გაერთიანებაში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა”,განაცხადა 11 მაისს ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლეობაში  წარმოქმნილი პრობლემების საბაბი საპენსიო საკითხებზე საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება გახდა. დამოუკიდებელმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა შეაგროვა 53 დეპუტატის ხელმოწერა, სადაც ისინი პენსიების დიფერენცირებული გაზრდის გაუქმების მოთხოვნით მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ხელმომწერთა შორის მმართველი პარტიის წარმომადგენელებიც იყვნენ.

პენსიების არათანაბარი გაზრდის შესახებ დადგენილება 19 აპრილს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. დადგენილების მიხედვით პენსიები 4 ლარით ეზრდებათ იმ პენსიონერებს, რომელთა მიმართ სახელმწიფოს არ აქვს წინა წლების დავალიანება, ხოლო მათ, ვის მიმართაც დავალიანება არსებობს, 4 ლარიანი დანამატით ვალი თანდათანობით დაეფარებათ. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი დავითაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თანასწორობის პრინციპი და  შესაბამისად კონსტიტუცია.

აღსანიშნავია, რომ 53 დეპუტატის ხელმოწერის მოგროვების მიუხედავად კობა დავითაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ვერ შეიტანა, რადგან 10-მა დეპუტატმა მოგვიანებით საკუთარი ხელმოწერა უკან გამოითხოვა.

„აშკარაა, რომ დეპუტატებზე ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც მათ უკან გამოითხოვეს ხელმოწერები“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ კობა დავითაშვილმა.

მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ წევრებმა, დეპუტატებმა ზვიად ძიძიგურმა, ნიკა გვარამიამ, კახა კუკავამ და ბიძინა გუჯაბიძემ, რომელთაც ხელი მოაწერეს სარჩელს, მოგვიანებით უარი თქვეს ხელმოწერების უკან გამოწვევაზე, რამაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია. ოთხივე მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემადგენელი პარტიული სუბიექტის “საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება -კონსერვატორების” წევრია.


ნიკა გვარამიას, კახა კუკავას და ბიძინა გუჯაბიძეს უმრავლესობის დატოვებას ჯერ არ აპირებენ. თუმცა ზვიად ძიძიგურმა დაადასტურა ინფორმაცია მისი ფრაქციიდან გასვლის შესახებ. ზვიად ძიძიგური საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობების გადანაწილებამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სახელდებოდა, თუმცა იგი რიგით დეპუტატად დარჩა.


“ფრაქციაში, სადაც დეპუტატს ზეწოლით აიძულებენ საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წავიდეს, ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე უარყოფს დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტებს. მისივე თქმით, 160 კაციანი ფრაქციიდან ერთი ან თუნდაც სამი ადამიანის გასვლა არ ნიშნავს უმრავლესობის რღვევას.


“ეს იმ ადამიანების პრობლემაა, ვისაც არ შეუძლიათ დიდ უმრავლესობაში ყოფნა და კარგი საქმის კეთება”, დასძენს ნადირაძემ.


“მე არ განმიხორციელებია ზეწოლა და დანარჩენებსაც აქეთ მოვუწოდებდი, თუ ვინმემ უთხრა, რომ ხელი რატომ მოაწერეო და მან ამას ზეწოლა დაარქვა, ესეც მისი პრობლემაა”, ასეთი კომენტარი გააკეთა ძიძიგურის განცხადებაზე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში მაია ნადირაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ბირთვს „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ პარტიაში გაწევრიანებული დეპუტატები წარმოადგენენ. თავის მხრივ ეს გაერთიანება შედგება ცალკე „ნაციონალური მოძრაობისგან“ და პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ყოფილი პარტიისგან „გაერთიანებული დემოკრატებისაგან.“ ამას გარდა, მმართველ პარტიაში გაერთიანებულნი არიან ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ და „რესპუბლიკური პარტია”, რომელსაც დავით ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს.


პენსიებთან დაკავშირებული შემთხვევა, უმრავლესობაში ფრაქციული დისციპლინის დარღვევის პირველი ფაქტი არ არის. პირველად მაშინ გაჩნდა პრობლემები, როცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე წარდგენილ ოპოზიციონერ დეპუტატ კობა დავითაშვილს, ღიად დაუჭირეს მხარი მმართველი პარტიის რამოდენიმე წარმომადგენელმა – ეს იმის მიუხედავად, რომ ამავე პოსტზე კენჭს უმრავლესობის წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი იყრიდა, რომელიც გახდა კიდეც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე.


არაოფიციალური ინფორმაციით დაიწყო საუბარი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ, რომელშიც მმართველი პარტიის ის წარმომადგენლები გაერთიანდებიან, რომლებიც პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას ეწინააღმდეგებიან. ფრაქციას, რომელიც სავარაუდო სახელწოდება “კონსერვატორები” იქნება, სათავეში ბოლო დროს ჟვანიასთან მკვეთრად დაპირისპირებული კობა დავითაშვილი ჩაუდგება. ახალ ფრაქციაში “რესპუბლიკელ” დეპუტატებთან ერთად ერთ-ერთ სავარაუდო წევრად ყოფილი “მემარჯვენე” ლევან გაჩეჩილაძეც სახელდება, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია. პარლამენტის რეგლამენტით ფრაქციის შესაქმნელად 10 დეპუტატის განაცხადი საკმარისია.


თუმცა თავად კობა დავითაშვილი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ თებერვალში მისთვის მიუღებელი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პრემიერ მინისტრად ზურაბ ჟვანიას დანიშვნის გამო დატოვა, ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.


“თუ ფრაქციის შექმნას გადავწყვეტ, ამას პირველად ჩემგან გაიგებთ”, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში კობა დავითაშვილი.
 
პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ “თუ არის დეპუტატების ჯგუფი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა საკითხზე აქვს განსხვავებული პოზიცია, ჯობია ეს ფაქტი ოფიციალურად გაფორმდეს ფრაქციის სახით.”
 
აღსანიშანვია, რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც უმრავლესობის დაშლა ანალოგიურად დაიწყო, როცა “ახალი მემარჯვენეების” სახით ცალკე ფრაქცია შეიქმნა. გამოყოფის რეალური მოტივი მაშინაც იმდროინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჟვანიასთან წარმოქმნილი უთანხმოება იყო.


“რაც პოლიტიკაში ვარ ყოველთვის არსებობდა ჯგუფი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად, მაგრამ არ მახსენდება, რომ მათ რაიმე წარმატებისთვის მიეღწიათ”, აცხადებს ჟვანია.


საპენსიო საკითხებზე წარმოქმნილი უთანხმოება უმრავლესობიდან ერთი დეპუტატის გასვლის მიზეზი გახდა. არ არის გამორიცხული კიდევ უფრო მწვავე საკითხებმა, რომელთა განხილვა პარლამლამენტს მოუწევს, ძიძიგურის მსგავსი ნაბიჯი სხვასაც გადაადგმევინოს.