აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფოტო |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 1 ივნისს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს შეხვდა. კოლინ პაუელის თქმით, მათ შორის “კარგი საუბარი შედგა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე“.
„ჩვენ განვიხილეთ აჭარის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის [თვითგამოცხადებული რესპუბლიკების] საკითხები და კვლავაც განვაგრძობთ მჭიდრო კონსულტაციებს საქართველოს ლიდერებთან და ჩვენს რუს კოლეგებთან“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსეთის ორი სამხედრო ბაზის საკითხიც.
„ჩვენი პოზიცია ნათელია. ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ისინი უკვე აღარ ემსახურებიან ნამდვილ სამხედრო მიზნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო თვეებში მხარეების კეთილი ნების შემთხვევაში, ჩვენ ვიპოვით გზას საკითხის მოსაგვარებლად“, განაცხადა კოლინ პაუელმა.
„ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს რუს მეგობრებთან და როგორც უკვე რამდენჯერმე ავღნიშნე, საქართველო ის ადგილია, სადაც შეერთებულ შტატებს და რუსეთს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, რათა დაეხმარონ ქართველებს სტაბილური დემოკრატიის მშენებლობაში“, დასძინა მან.
კოლინ პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს „მჭიდრო, თბილი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან ყველა დონეზე“ და დაარწმუნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, „რათა გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ის“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, “რომელიც საქართველომ მიიღო ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)