ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად საქართველოსთვის სასურველი კანდიდატი აირჩიეს
ბრიტანელი პარლამენტარი ტერი დევისი 22 ივნისს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად 5 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს დელეგაცია ტერი დევისს უჭერდა მხარს.
საქართველოს ხელისუფლება არც მალავდა, რომ ტერი დევისი თბილისის სასურველი კანდიდატი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი მაისის დასაწყისში აჭარაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.
ტერი დევისი თბილისს 8 ივნისს ესტუმრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ არჩევნების პირველივე ტურში საპარლამენტო ასამბლეის 157 წევრმა (აბსოლუტური უმრავლესობა) ტერი დევისს დაუჭირა მხარი, 91 ვალტერ შვიმერს მისცა ხმა, ხოლო 51 – კრისტინა ოულანდს.
This post is also available in: English (ინგლისური)