“რთული მოლაპარაკებები“ მოსკოვში
დღეს მოსკოვში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა მიმდინარეობს, რომლის მიზანს ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვა წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრამდე აცხადებედნენ, რომ მოლაპარაკებები “რთული“ იქნებოდა.
უკვე ცნობილია, თუ რა წინადადებებზე მსჯელობენ მხარეები შსკ–ის სხდომაზე, რომელშიც ქართული და ოსური მხარეების გარდა, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა აცხადებდა, რომ თბილისი დააყენებს კონფლიქტის ზონის “დემილიტარიზაციისა და როკის გვირაბზე კონტროლის აღდგენის საკითხებს”.
ქართულ მხარეს სურს გაყვანილ იქნენ კონფლიქტის ზონიდან ის შეიარაღებული მოხალისეები, რომლებიც თავად ოსური მხარისავე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში აფხაზეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მისაღებად.
“დაქირავებული პირები უნდა განიარაღდნენ და დატოვონ კონფლიქტის ზონა” განუცხადა გოგა ხაინდრავამ 14 ივლისს “რია ნოვოსტის”, “ჩვენ მზარდ ვართ ნებისმიერ შემადგენლობასთან ერთად დავიწყოთ კონფლიქტის ზონის ერთობლივი შემოწმება”, დასძინა მან.
თავის მხრივ, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეები კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შეიარაღებული ნაწილების გაყვანას ითხოვენ. მოსკოვის მტკიცებით, რეგიონში ამჟამად დაახლოებით 3,000 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება, რაც გაცილებით აღემატება იმ ქვოტას, რომელიც სამშვიდობო ძალების შესახებ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. შეთანხმების თანახმად თითოეულ მხარეს – ოსურს, ქართულსა და რუსულს – კონფლიქტის ზონაში 500 სამშვიდობოზე მეტი არ უნდა ჰყავდეს.
აღსანიშნავია, რომ 13 ივლისს ქართულმა მხარემ დააკავა რუსეთის საგანგებო დავალებათა სამინისტროს ჰუმანიტარული ტვირთი, რომელსაც დახმარება მიჰქონდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისათვის. ერგნეთთან მომხდარმა ამ ინციდენტმა მოლაპარაკებების წინ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
ამ ფაქტს იმ დღესვე მოჰყვა რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი განცხადება, რომელშიც მოსკოვი თბილისს 1992 წელს დადებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებით, სამხრეთ ოსეთის რეგიონზე “დაუშვებელია ეკონომიკური სანქციების გამოყენება. ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ყველა პირობა მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.”
ქართული მხარე “პრეზიდენტ პუტინის საჩუქარის”- ჰუმანიტარული ტვირთის დაკავების მოტივად საბაჟო პროცედურების ჩატარებას ასახელებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და არც ზემოთხსენებული საბაზისო შეთანხმებით არ იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ამჟამად საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილიც იმყოფება. მან თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან მოლაპარაკებები 13 ივლისს უკვე გამართა. ბეჟუაშვილმა და ივანოვმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ ამჟამად მთავარ პრიორიტეტს შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება წარმოადგენს.
ჯავის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე აკონტროლებს, ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ამ კვირას სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რომელშიც ჩრდილო კავკასიელი და აფხაზი მოხალისეებიც იღებდნენ მონაწილეობას. წვრთნების ამსახველი კადრები პირველად რუსულმა ტელეკომპანიებმა, შემდგომ კი ქართულმა ტელეარხებმა “რუსთავი2“-მა და “იმედმა“ გაავრცელეს.
თუმცა ქართული მხარე ამ შეიარაღებულ დაჯგუფებებს სერიოზულ ძალად არ მიიჩნევს.
“ჩემი თვალით ვიხილე, როგორ გადაჰქონდათ სამხედრო ტექნიკა ერთი ადგილიდან მეორეზე რაოდენობრივი ეფექტის მოსახდენად. მათ ხელთ არსებული ძალა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ქართველ სამშვიდობოებს“, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 14 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)