ივანოვი: დროა თბილისისა და ცხინვალის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართონ
რუსულ გაზეთ “იზვესტია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ დროა თბილისისა და ცხინვალის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართონ. ივანოვმა გამორიცხა “დიდი ომის“ დაწყების საშიშროება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა გაიმართოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე შედეგები.
ივანოვმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი გააგზავნის თავის ჯარებს კონფლიქტის ზონაში “მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის ფარგლებში“.
კითხვაზე, თუ როგორ უყურებს იგი რუსეთთან ე.წ სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხს, ივანოვმა განაცხადა, “თეორიულად, შეუძლებელია რაიმე გამორიცხო, მაგრამ ამჟამად ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება რუსეთისა და საქართველოს კანონმდებლობების გათვალისწინებით. ჩვენი ამოცანაა არა განვიხილოთ ჰიპოთეზური გეგმები, არამედ მოვაგვაროთ პრაქტიკული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ნორმალური, მშვიდი ცხოვრების აღდგენას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)