ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
გარემოსდაცვითმა პრობლემებმა კვლავ იჩინეს თავი. |
გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანია BP-სგან ბორჯომში უსაფრთხოების ზომების გაორმაგებულ დაცვას მოითხოვს.
“ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხოების გაცილებით მკაცრი ზომების დაცვას ბორჯომის რაიონში, ვიდრე კომპანიის მიერაა მიღებული. ბორჯომი განსაკუთრებულია თავისი ბუნებრივი რესურსებითა და ადგილმდებარეობით, რის გამოც ვითხოვთ დამატებით გარანტიებს“, განაცხადა 23 ივლისს პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თამარ ლებანიძემ.
მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ მეწყერსაშიში რელიეფის გამო ნავთობსადენმა ბორჯომის რაიონში ეკოლოგიური მგდომარეობა გააუარესოს.
“ჩვენ ვითხოვთ დამატებით გარანტიებს, ეს შეიძლება იყოს მილების უფრო ღრმად ან დამცავი სისტემებით მიწაში ჩალაგება, რადგან მეწყერსაშიშ ზონაში უფრო დაცული იყოს, როგორც ნავთობსადენი, ისე გარემო“, განაცხადა თამარ ლებანიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ამ განცხადებას წინ უძღოდა 21 ივლისს სხვადასხვა გეოლოგიური და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების 50 -მდე თანამშრომლის ღია წერილი საქართელოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე.
“მილსადენის განთავსების მთელი ზოლი, ცხრაწყაროს უღელტეხილიდან მდინარე მტკვრის გადაკვეთამდე მონაკვეთში, გამოირჩევა მაღალი სეისმური აქტივობით. აქ საჭიროა უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვა“, ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიწერილ ღია წერილში.
გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნას პროექტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, გაგებით მოეკიდა კომპანია BP-ი.
“ჩვენ მუშაობა უშუალოდ ბორჯომის რაიონში შევაჩერეთ, სხვაგან სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კომპანიის თბილისის ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან მეძმარიაშვილმა.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან ვითარებას, რის შემდგომაც დადგინდება, თუ რა ღონიძიების გატარება მოუხდება კომპანია BP-ს პროექტის გაგრძელების შემდეგ.
სამინისტროს მოთხოვნა არ ითვალისწინებს პროექტის ხანგრძლივად შეჩერებას ან მარშუტის შეცვლას. “ჩვენ ვაანალიზებთ საერთაშორისო პასუხისმგებლობას, რაც ეკისრება საქართველოს ამ პროექტის მშენებლობით და მისი შეჩერება ხანგრძლივად არ იგეგმება“, აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი თამარ ლებანიძე.
“ჩვენ კომპანიისგან იმ ვალდებულებების შესრულებას მოვითხოვთ, რაც 2002 წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აიღო BP-მ, კერძოდ კი ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესრულებას, რომელიც ბორჯომის მონაკვეთს ეხება. აქ ჩვენ უსაფრთხოების უმკაცრესს დაცვას ვითხოვთ“, დასძინა მინისტრმა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მონაკვეთზე კომპანია BP-ს საკმარისად არ აქვს წარმოდგენილი დამცავი ტეკნიკური მექანიზმები. ხელშეკრულებაში ასევე ჩადებულია ეროვნული უშიშროების დაცვის შესახებ პუნქტი. კომპანიას ამ მიმართულებით უკვე მზად აქვს უსაფრთხოების გეგმა, რომელსაც მოკლე ხანში ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე პროექტი 17 კილომეტრიან მონაკვეთზე შეჩერდა. ბორჯომის ხეობაში ნავთობსადენის მშენებლობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ცალკეული გარემოსდაცვითი არსამთავრობო ორგანიზაციიები, რომლებიც პროტესტს აქციებითაც გამოხატავდნენ, თუმცა ბორჯომის მარშუტი არ შეიცვალა.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბორჯომის გავლით ნავთობსადენის მშენებლობას აპორტესტებდა და მარშრუტის დადგენის პროცესში საზოგადოების ჩართვას მოითხოვდა “მწვანე ალტერნატივა“ იყო, რომელმაც 2003 წლის სექტემბერში საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. თუმცა ამა წლის 22 მარტის დადგენილებით სასამართლომ “მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია საოლქო სასამართლოს განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. “ჩვენი მოთხოვნა იყო ამ პროცესში საზოგადოების ფართო მასების ჩართვა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით მარშრუტის ბორჯომის გავლით დაგეგმვას“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ “მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.
მისი თქმით, კარგია ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მიაღწია მშენებლობის დროებით შეჩერებას, თუმცა როგორც მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს, ორი კვირა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს უსაფრთხოების ზომები.
მშენებლობის გეგმის მიხედვით პროექტი 2005 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს და ამავე წელს უნდა დაიწყოს ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1750 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც საქართველოზე 248 კმ მოდის. თურქეთში მილსადენის სიგრე 1060 კმ-ია, ხოლო აზერბაიჯანში 442 კმ. ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წლიდან ნავბთობსადენმა ყოველდღიურად 800 ათასი ბარელი ანუ 127 ათასი ტონა ნავთობი უნდა გაატაროს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)