საქართველოს მომავალი ელჩი რუსეთში ჩარჩო ხელშეკრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას
ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც რუსეთში საქართველოს ელჩად იქნა წარდგენილი, აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტს ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულება წარმოადგენს.
“ხელშეკრულების პროექტის 90% უკვე დასრულებულია. ვფიქრობ, დოკუმენტს წელს მოეწერება ხელი“, განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხები ასევე აქტუალურია ორმხრივ ურთიერთობებში.
“სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად არსებული ორმხრივი ურთიერთობები დამაკმაყოფილებელია. იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან, საქართველოს ყველაზე რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. დანარჩენ მეზობლებთან საქართველომ უკვე გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულებები“, განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ივნისში წარადგინა. მანამდე, 2000 წლიდან ვალერი ჩეჩელაშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს მესამე გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა.
ვალერი ჩეჩელაშვილმა, რომელმაც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1989 წელს დაიწყო მუშაობა და 1994-1998 წლებში უკრაინაში საქართველოს ელჩად მსახურობდა.
სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტი მის კანდიდატურას აგვისტოში, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
This post is also available in: English (ინგლისური)