ბიუჯეტის გაზრდის პირველი პრეცედენტი
![]() |
| პრემიერ-მინისტრი ჟვანია აცხადებს, რომ ბიუჯეტი ჭარბი შემოსავლების ხარჯზე იზრდება |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებულ გაზრდილ ბიუჯეტს პარლამენტი 10-13 აგვისტოს განიხილავს და მიიღებს.
“მთავრობამ სერიოზული შედეგები აჩვენა, როგორც საგადასახადო, ისე არასაგადასახადო შემოსავლების ჭარბი რაოდენობით მობილიზების კუთხით, გარწმუნებთ, რომ ბიუჯეტის შესრულება კორუმპირებულთა შენატანების ხარჯზე არ ხდება”, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებმა და ფრაქციებმა უკვე განიხილეს, არსებული ბიუჯეტის პარამეტრების ზრდას საშემოსავლო ნაწილში 211 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯების ნაწილში 223 მილიონი ლარით ითვალისწინებს.
“ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობის ამბიციურობას ადასტურებს, საკმაოდ სერიოზური ზრდაა როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში”, განუხცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტარმა ლადო პაპავამ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯების გადანაწილებისას პრიორიტეტი ძალოვან სტრუქტურებსა და სოციალურ სფეროს მიენიჭება.
ძალოვანი და სამართალდამცავი სამინისტროები ჯამში დამატებით 98 მილიონ ლარს მიიღებენ, რაც მათ რეფორმირებას და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება.
მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა- 60 მილიონი ლარი; თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას – დამატებით 27 მილიონი ლარი მოხმარდება; უშიშროებას – 6 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს – 2-2 მილიონი ლარი ერგებათ.
შიდა დავალიანებების დასაფარად, რომელიც სახელფასო და საპენსიო თანხების გასტუმრებას ითვალისწინებს, დაახლოვებით 34 მილიონ ლარს მიიღებს სოციალური დაზღვევის ფონდი. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებში გადასახად საწევრო შენატანებსა და საელჩოების დაფინანსებაზე დამატებით 4 მილიონი ლარის გამოყოფა.
“სრულად იფარება საელჩოების დავალიანება (2,2 მილიონი ლარი) და გაეროს საწევრო შენატანი (1,5 მილიონი ლარი), რაც ხმის უფლების დაკარგვის რეალურ პერსპექტივას ააცილებს საქართველოს”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან 27 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი ინვესტიციების განხორციელება და საგზაო ფონდზე 20 მილიონ ლარამდე თანხის გადაცემა. ასევე გათვალისწინებულია თანხები სტიქიით დაზარალებულთათვისაც.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იმისთვის, რომ ყველა ეს ხარჯი სრულად დაიფაროს, დარჩენილი 5 თვის განმავლობაში დაგეგმილზე 110 მილიონით მეტი უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში.
განვლილი 6 თვის მონაცემებით წლიურ მაჩვენებელთან მიმართებაში ბიუჯეტი 46%-ით არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას რომ “მთავრობა ასრულებს ბიუჯეტს, მაგრამ საგადასახადო შემოსავლების კუთხით დიდ გადაჭარბებას ადგილი არ აქვს”, დასძენს ლადო პაპავა.
“მემარჯვენე ოპოზიციას”, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციაა პარლამენტში, კითხვები უჩნდება 2004 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით.
“როგორ მიმდინარეობს შესრულება უწყებების მიხედვით ამაზე ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას არ გვაძლევს, რაც ბადებს ეჭვს, რომ შემოსავლების გაზრდის პირობებში ხარჯვით სფეროში ბევრი ხარვეზია დაგროვილი”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.
“სამწუხაროდ ყურადღება მახვილება იმაზე, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს ბიუჯეტი და არა იმაზე, თუ საიდან აპირებს მთავრობა მიიღოს საგადასახადო და არასაგადასახდო გაზრდილი შემოსავლები”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ლადო პაპავამ.
მთავრობა ბიუჯეტის ზრდის საფუძვლად სამ ძირითად კომპონენტს ასახელებს: ლარის კურსის გამყარება, პრივატიზაცია და სახაზინო ვალდებულებების შესრულება.
“ბიუჯეტის მატების საშუალება განვლილი თვეების განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების 84 მილიონით, არასაგადასახადო შემოსავლების 125 მილიონით და პრივატიზაციიდან დაგეგმილმა 61 მილიონ ლარიანმა ზრდამ მოგვცა”, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.
პრივატიზაციის წილის ხარჯზე გაზრდილ ბიუჯეტში დაგეგმილი 61 მილიონი ლარი მოდის თურქმენეთის ვალების გაქვითვის სანაცვლოდ “თბილავიამშენის” კერძო ინვესტორისათვის გადაცემაზე. კერძო ინვესტორია “თბილავიამშენის” მოქმედი გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია, რომელსაც ათი წლით, მართვის უფლებით აქვს აღებული საწარმო.
“ჩვენ გვექნება პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ “თბილავიამშენის” პრივატიზების პროცესი, რომლის ხარჯზეც მნიშვნელოვანი ზრდაა გათვალისიწნებული ბიუჯეტში, იყოს გამჭვირვალე”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლადო პაპავამ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის აზრით, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მოიძებნოს ისეთი ინვესტორი, რომელიც “თბილავიამშენში” უფრო მეტს გადაიხდის. იგი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებასაც აპროტესტებს.
“იმის გამო, რომ “თბილავიამშენი” 10 წლის მართვის უფლებით არის გადაცემული, ჩვენ არ გვაქვს უფლება აქციები გავყიდოთ, ამიტომ სხვადასხვა ვარიანტებიდან ავარჩიეთ საუკეთესო გამოსავალი – პირდაპირი მიყიდვის ფორმით სხვადასხვა პირობების შესრულების სანაცვლოდ საწარმოს მივყიდით პიროვნებას [პანტიკო თორდიას], რომლის მენეჯმენტის პირობებეში “თბილავიამშენი” პირნათლად ასრულებდა ყველა ნაკისრ ვალდებულებას ბიუჯეტის მიმართ, რაც არსებული პრაკტიკის მიხედვით სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.
შესაძლოა 2004 წლის ბიუჯეტი დაუგეგმავი საპრივატიზაციო თანხებითაც შეივსოს, თუმცა ამაზე ჯერ-ჯერობით კონკრეტული განცხადებები არ კეთდება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, “ეს [თბილავიამშენის] არის ყველაზე დიდი პრივატიაზაცია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა და გარწმუნებთ, რომ არა ყველაზე დიდი მათ შორის, რაც აწი განხორციელდება”.
“მემარჯვენე ოპოზიცია”, რომელიც ბიუჯეტისთვის, სადაც “ხალხის ინტერესები” არ არის გათვალისიწნებული, მხარდაჭრას არ აპირებს, “ბევრ წვრილმან საკითხებთან ერთად აპროტესტებს იმ დებულებას, სადაც “გაზრდილ ბიუჯეტში ეროვნული ვალუტის ხელოვნურად გამყარების ხარჯზე გათვალისწინებულია გრანტების 25%-ით შემცირება, რაც თავისთავად გულისხმობს ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარებას მიმდინარე წლის მანძილზე და რაც ყველაზე საინტერესოა, ბიუჯეტის პროექტში ლარის კურსი საერთოდ არ არის ასახული”.
საერთო ჯამში ბიუჯეტს, რომელსაც პარლამენტი 13 აგვისტოს დაამტკიცებს, წინააღმდეგობა არ შეხვდება იმ დეპუტატებისაგან, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენს.
12 მაისს ჯერ კიდევ 2004 წლის ბიუჯეტის მიღებისას, ხოლო მეორედ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების წინ, მაშინ როცა პოზიტიური ტენდენციები უკვე სახეზე იყო ფისკალურ სფეროში, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მთავრობა ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით ივლისში მიმართავდა პარლამენტს.
“ორი თვის წინ ჩვენთვის და საზოგადეობისთვის მიცემული პირობა მთვარობას არ დაურღვევია, აწი მთავარია, როგორ შეასრულებს ქაღალდზე დაწერილს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლადო პაპავამ.
