პარლამენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გამოყვანას მოითხოვს
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე სამხრეთ ოსეთის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება მიიღო. განცხადებაში ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს აყენებს და კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
განცხადების მიხედვით, ქართული მხარე რუსეთს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ აღიარებს და იქ მყოფ სამშვიდობო ძალებს ოს საპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებს.
„აღმაშფოთებელია ის, რომ ყველაფერი ხდება ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების უშუალო მხარდაჭერითა და დახმარებით. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით რუსეთის ფედერაცია რეალურად წარმოადგენს არა მშვიდობისმყოფელს და შუამავალს, არამედ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს საშიში სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ვითარების შესაცვლელად პარალამეტი მოითხოვს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო მანდატის შეწყვეტას და ახალი საერთაშორისო მანდატის მიხედვით დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალების შეყვანას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ითხოვს კონკრეტულ დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რადგან მოხდეს კონფლიქტის საბოლოო მოგვარება.
პარლამენტმა ასევე დაგმო დღეს კონფლიქტის ზონაში მყოფი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ესკორტისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი. დღევანდელი განცხადება პარლამენტმა ერთხმად – 117 ხმით მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)