აშშ-ის ელჩი: პანკისში ტერორისტები კვლავ არიან







შინაგანი ჯარის რამოდენიმე ქვედანაყოფი
პანკისის ხეობაში რჩება დისლოცირებული.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ “პანკისის ხეობას ისევ აფარებს თავს რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“.
 
ოფიციალურ თბილისს აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
 
აშშ-ის ელჩი 13 სექტემბერს მას შემდეგ გამოვიდა სიტყვით, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის “პიროვნების იდენტიფიკაციის, უსაფრთხო შედარების და შეფასების სისტემის“ (PISCES) დანერგვას საქართველოში.
 
კითხვაზე არიან თუ არა ტერორისტები საქართველოში, როგორც ამას რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რიჩარდ მაილსმა განაცხადა, “ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული კამათი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, და არ მინდა ამ კამათში ახლაც ჩავებათ, თუმცა, მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ პანკისში მართლაც იმყოფება რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“.
 
“2-3 წლის წინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩეჩენ მებრძოლთა რაოდენობა 90%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ტერორისტთა რაოდენობა – 60-70%-ით. მე ამ საკითხებში ექსპერტი არ ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომელიც სამხედრო ტიპის მოქმედებას მოითხოვს. სინამდვილეში, ეს უშიშროების ადგილობრივი სამსახურების საქმეს წარმოადგენს“, განუცხადა რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს.
 
“პანკისის ხეობაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლამდე, იქ საერთაშორისო ტერორისტების მნიშვნელოვანი ნაწილი აფარებდა თავს. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სულ ცოტა ორი-მესამედით ან მეტით. თუმცა, ეს საკითხი საკამათოა, რადგან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მაგრამ, თქვენ ჩემი აზრი იკითხეთ“, დასძინა მაილსმა.
 
პანკისის ხეობა მას შემდეგ მოექცა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, რაც 2001 წლის ბოლოსა და 2003 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა ჩეჩენი და სხვა დაქირავებული უცხოელი მებრძოლების არსებობა პანკისის ხეობაში, რასაც წინ უძღოდა რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თბილისი ტერორისტებს მფარველობს. რუსეთ-საქართველოს საზღვრის მახლობლად მდებარე პანკისის ხეობა რამოდენიმე ათასი ჩეჩენი ლტოლვილის თავშესაფარი გახდა, რომლებიც ჩეჩნეთიდან 1999 წლის ომის დროს გამოიქცნენ.  
 
2002 წლის 15 იანვარს, ქართულმა პოლიციამ და შინაგანმა ჯარმა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის პირადი ზედამხედველობის ქვეშ პირველი ოპერაცია განახორციელეს, რაც პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას ისახავდა მიზნად.

ოპერაციის დასასრულს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლები, ან ტერორიზმში ეჭვმიტანილები აღარ იმყოფებიან. საქართველოს უშიშროების სამინისტროს განცხადებით, ანტი-კრიმინალური ოპერაციის დაწყებამდე 700-მდე ჩეჩენი მებრძოლი და 100-მდე არაბი დაქირავებული მებრძოლი, რომელთაც სავარაუდოდ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი და, ასევე კრიმინალური დაჯგუფებები აფარებდნენ თავს პანკისის ხეობას.
 
პანკისის ანტი-კრიმინალური ოპერაციის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ ქართული ჯარების მომზადების მიზნით საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი გამოაგზავნა. შედეგად, 2,500 ქართველმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში გაიარა მომზადება. პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობამ 64 მილიონი აშშ დოლარი  გამოყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)