ბიუჯეტი 2005-ის განხილვა მთავრობა-პარლამენტის სახიფათო დაპირისპირების ზღვარზე მიმდინარეობს
![]() |
| ჟვანია: არ დავუშვებთ ბიუჯეტის გარშემო ინტრიგების ხლართვას. |
“მზად ვართ გავიზიაროთ ყველა შენიშვნა გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელსაც დეპუტატების მხრიდან აშკარა ლობისტური ნიშნები აქვს. ასევე არ დავუშვებთ პარლამენტარების და მისი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი მისამართით ნოტაციების კითხვას და მენტორული ტონით საუბარს, ასევე ინტრიგების ხლართვას”, განაცხადა 19 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელსაც “საკუთარი [საპარლამენტო] უმრავლესობის” მხრიდან დაუმსახურებელი კრიტიკა აშფოთებს.
პარლამენტის მხრიდან 2005 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ ეტაპზე დიდი წინააღმდეგობა რომ შეხვდა ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ცამეტივე საპარლამენტო კომიტეტემა, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და ასევე ფრაქციებმა პროექტს უარყოფითი შეფასება მისცეს და მის მიმართ უამრავი პრინციპული, თუ წვრილმანი შენიშვნა გამოთქვეს. “ასეთი სახით ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ”, დეპუტატები ამ ფრაზას საკომიტეტო განხილვების დროს ხშირად იმეორებდნენ.
კოლეგების ამ პათოსს სრულად იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა “რეფორმატორული ბიუჯეტის” კრიტიკის გამო დებატებში საჯაროდ გამოიწვია. ბურჯანაძის განცხადებით, “თუ ბიუჯეტში ცვლილებები არ იქნება შეტანილი, მისი მხარდაჭერა პარლამენტს გაუჭირდება”.
თავად პრეზიდენტი სააკაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის საბიუჯეტო კამათს “ჩვეულებრივ, ნორმალურ პროცესს“ უწოდებს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო დაპირისპირება პოლიტიკური პროცესებისათვის სახიფათო თემა ხდება, რადგანაც პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე ორჯერ უარი საკმარისი ხდება იმისთვის, რომ პრეზიდენტი პარლამეტის, ან მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის არჩევანის წინაშე დადგეს.
თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიერ 20 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება “იკამათებენ [მთავრობა და პარლამენტი], მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბოლოს მაინც შეთანხმდებიან” იმას მიანიშნებს, რომ სააკაშვილს ამ არჩევანის გაკეთება არ მოუწევს.
რას წარმოადგენს 2005 წლის ბიუჯეტი
“ბიუჯეტის პროექტს იმდენად ნახევარფაბრიკატის სახე აქვს, რომ რჩება შთაბეჭდილება, მთავრობამ ბიუჯეტის წარდგენის საკონსტიტუციო ვადების დაცვის გამო მოუმზადებელი სახით წარმოადგინა იგი პარლამენტში”, აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
2005 წლის ბიუჯეტის პროექტის შემოსავლები 1,8 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯები 2,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6 პროცენტი უნდა შეადგინოს, ხოლო ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა – 1.8 ლარი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების (2004 წელთან შედარებით 275,7 მილიონიანი მატების) ხარჯზე ხდება. ამასთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ახალი საგადასახადო კოდექსის (რომელის ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია) პირობებში მოხდება. კოდექსის შესაბამისად კი, რომელსაც ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს, საგრძნობლადაა შემცირებული გადასახადების განაკვეთები. ნაწილი კი საერთოდ უქმდება. ბიუჯეტის პროექტში მოცემულია ცალკეული გადასახადების მიხედვით 2005 წელს დაგეგმილი შემოსავლების მოცულობა.
“ჩნდება გარკვეული ეჭვი, არსებობს თუ არა ფინანსთა სამინისტროს რეალური გათვლები საგადასახადო შემოსავლების და მათ შორის კონკრეტული გადასახადების მობილიზებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების ზრდას ეკონომიკის ლეგალიზაციით და საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯზე აპირებს, თუმცა საეჭვოა ეკონომიკის “ჩრდილში მყოფი ნაწილი” ასე სწრაფად გამოვიდეს “მზის სინათლეზე”, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
პროექტის მიხედვით, გრანტების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 101,5 მილიონი ლარი ანუ 2004 წლის ბიუჯეტთან შედარებით 17 მილიონი ლარით ნაკლები უნდა შემოვიდეს. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ასევე საგრძნობლადაა შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტის არასაგადასახადო შემოსავლები და143,2 მლნ ლარს შეადგენს.
“გამომდინარე იქიდან, რომ შედარებით შემცირდა “დასაჭერთა” რიცხვი მომავალ წელს არასაგადასახადო შემოსავლებიც შესაბამისად დაიგეგმა”, ნათქვამია “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” დასკვნაში. როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ 2004 წლის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები მოუტანა კორუფციაში ეჭვმიტანილი ყოფილი ჩინოვნიკებისგან ამოღებული თანხების მეშვეობით.
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის კრიტიკისას განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ იგი ჯერ არარსებულ საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობა. მათ შორის, “საგადასახდო კოდექსთან” ერთად, იგულისხმება 39 კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.
“ეს ბიუჯეტის პროექტი უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ იგი არ არსებულ კანონებზეა აგებული”, აცხადებს დეპუტატი ვლადიმერ პაპავა.
თავის მხრივ, მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ბიუჯეტი ყველა მინისტრთან შეთანხმებულ პროექტად წარმოადგინოს, აცხადებს, რომ ბიუჯეტისა და საგადასახადო კოდექსის მიღება ჰარმონიულად უნდა მოხდეს.
“ბიუჯეტი და საგადასახადო კოდექსი განუყოფელი ნაწილებია, თუ საგადასახდო კოდექსში პარლამენტი შეიტანს ისეთ ცვლილებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ბაზას, მაშინ ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაც გარდაუვალი გახდება”, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე.
პრიორიტეტები: თავდაცვა და სოციალური სფერო
ხელისუფლების მტკიცებით 2005 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად პრიორიტეტზე – სოციალური სფეროსა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული. თავდაცვის მუხლით გასაწევი ხარჯები 2004 წელთან შედარებით 34%-ით არის გაზრდილი და ამ მიზნით 119 მილიონი ლარია გამოყოფილი. სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლით კი დაგეგმილია 420,9 მილიონი ლარის ხარჯი. თუმცა უკმაყოფილება ორივე საკითხთან მიმართებაში არსებობს.
თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 119 მილიონი ლარი არასაკმარისად მიაჩნია, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს. ისინი თავდაცვის სფეროსთვის 157 მლნ ლარის გათვალისიწნებას ითხოვენ, რათა შეიარაღებულ ძალებში დაწყებული რეფორმა არ შეფერხდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომავალი წლიდან უკვე შინაგანი ჯარებიც შევლენ, რომლებიც ადრე შსს-ს სტრუქტურას ექვემდებარებოდნენ. 2004 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები 105 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ცალკე აღებული შინაგანი ჯარის ხარჯები 8 მილიონ ლარს აღემატებოდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრულ 119 მილიონ ლარში შინაგანი ჯარის კუთვნილი ხარჯებიც არის ასახული.
“ამ შემთხვევაში მომავალ წელს თავდაცვის სფეროს პრიორიტეტულად გამოცხადება მხოლოდ დეკლარაციაა, რადგან წლევანდელთან შედარებით თავდაცვის დაფინანსება ფაქტიურად უმნიშვნელოდ (დაახლოებით 6 მლნ ლარით) იზრდება”, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ.
ამას გარდა, თავდაცვის ხარჯი ერთადერთი სფეროა ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დეტალურად არ არის გაწერილი და გაურკვეველია, თუ სად რა თანხები უნდა წარიმართოს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტში ასახული არასრული მონაცემი მთავრობამ მარტივად ახსნა – “ვერ მოესწრო”. სხვათა შორის, ბიუჯეტის პროექტში სამინისტროებისთვის გამოყოფილი სახსრების დეტალურ გაწერაზე თავად სამინისტროებს უნდა ეზრუნათ.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაფინანსება 2004 წელთან შედარებით 138,9 მილიონი ლარიდან 123,6 მილიონამდე მცირდება. თუმცა სამინისტროს მომავალი წლიდან შინაგანი ჯარიც ჩამოშორდება, რაც შესაბამისად შეამცირებს სამინისტროს ხარჯებს.
დაახლოებით 6 მილიონი ლარით მატულობს უშიშროების სამინისტროს დაფინანსება, რაც საერთო ჯამში 2005 წელს 25,6 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც – 22,3 მილიონიდან 30,8 მილიონამდე ლარამდე.
სოციალურ სფეროსთან მიმართებაში 2005 წლის ბიუჯეტი დაგროვილი საპენსიო და სახელფასო დავალიანებების მთლიანად გასტუმრებას, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე ზრდასა და “სიღარიბის დაძლევის პროგრამის” ამოქმედებას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2004 წელთან შედარებით დაფინანსება 54,7 მილიონი ლარით ეზრდება და 493,4 მილიონ ლარს შეადგენს.
თუმცა ხელფასების 115 ლარამდე გაზრდა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს შეეხება. ამ კატეგორიაში კი არ შედის სოციალურად გაჭირვებული ის ფენები, რომლებსაც პედაგოგები და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები წარმოადგენენ, რომელთა ხელფასებიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გაიცემა.
“სიღარიბის დაძლევის პროგრამა” კი ითვალისწინებს 66 მილიონი ლარის პირდაპირი დახმარების სახით განაწილებას იმ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. თუმცა ამ ტიპის ოჯახების შეფასების კრიტერიუმები და ფორმულა ჯერ არავის შეუმუშავებია.
“ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული, ჩვენ ვერასოდეს ვერ განვსაზღვრავთ სიღარიბის იმ დონეს, რომელსაც ეს დახმარება სჭირდება, ამას აჯობებს ეს თანხა ხელფასებისა და პენსიების გაზრდაზე წარვმართოთ და ამ გზით შევიდეს ფული ყველა ოჯახში”, აცხადებს რომან გოცირიძე.
ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში გაუქმებულია სპეციალური სახელმწიფო ფონდები “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი” და “საქართველოს ერთიანი სახელმწიფო საგზაო ფონდი”. ამ ფონდების ხარჯები გათვალისწინებულია შესაბამისი სამინისტროების ხარჯებში.
დეპუტატების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას “საპენსიო ფონდის” გაუქმების საკითხი იწვევს. “ეს ბიუჯეტი თავს გვახვევს ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, ფონდის მექანიკური გაუქმება თავისდაუნებურად სოციალური სფეროს რეფორმას იწვევს, თუმცა მთავრობის ხედვა ამ რეფორმის მომავალთან დაკავშირებით არსად არ ჩანს”, აცხადებს რომან გოცირიძე.
სხვა სამინისტროების დაფინანსებიდან აღსანიშნავია საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები, რომელთაც 2005 წელს 2004–ისგან განსხვავებით, დაფინანსება, შესაბამისად, 1,5 მილიონითა და 23 მილიონი ლარით შეუმცირდებათ.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 21 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა მზად არის პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის წევრები 22 ოქტომბერს შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, სადაც დეტალურად განიხილავენ ყველა პრეტენზიას.
