თარგამაძე საქართველოს ენერგოობიექტებზე შესაძლო დივერსიაზე საუბრობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თაგრამაძის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოს ენერგოობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელბას გეგმავს. “ამისთვის იქმნება დივერსანტთა ჯგუფები, რომელშიც ოსი ეროვნების მოქალაქეები შედიან”, დასძენს თარგამაძე.
 
აღნიშნული ინფორმაცია, გივი თარგამაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 19 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააცნო.
 
პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად დავალება მისცა.
 
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, ინფორმაცია შემაშფოთებელია. “იმედი მაქვს რომ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დივერსიული აქტები არ განხორციელდეს”, დასძენს ბურჯანაძე.


საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის დივერსიული ჯგუფი გაანადგურა. ამის შესახებ 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სწორედ ეს ჯგუფი აფეთქებდა ელექტროგადამცემ ხაზებს საქართველოში. 9-10 ოქტომბერს მაღალი ძაბვის სამი გადამცემი ხაზი ააფეთქეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)