რუსული მხარე კონფლიქტის ზონაში ქართველი რეზერვისტების მომზადებას აპროტესტებს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მარატ კულახმეტოვმა პროტესტი გამოთქვა კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სოფლებში ქართველ რეზერვისტთა მომზადებასთან დაკავშირებით, განაცხადა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა 6 დეკემბერს.


შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებისადმი გაგზავნილ წერილში კულახმეტოვი აცხადებს, რომ ქართული სოფლები ძევერა და ახალსოფელი, სადაც ქართველ რეზერვისტთა წვრთნა მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონაშია განლაგებული.


კონფლიქტის ზონა მოიცავს ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსით მდებარე ტერიტორიას.    


„შერეული სამშვიდობო ძალების [რომელიც ქართულ, რუსულ და ოსურ მხარეებს აერთიანებს] სამხედრო დამკვირვებლებს, ასევე ეუთოს წარმომადგენლებს, არ მიეცათ საშუალება მონიტორინგი განეხორციელებინათ ამ სოფლებში … გენერალ-მაიორი კულახმეტოვი ამგვარ ქმედებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)