ბარამიძე ცალკეულ თანამდებობის პირებს მის წინააღმდეგ ხმების გავრცელებაში ადანაშაულებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არც უარყო და არც დაადასტურა არაოფიციალური ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც შესაძლოა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვეს. თუმცა ბარამიძემ არ გამორიცხა, რომ ამ ხმების გავრცელების უკან შესაძლოა ცალკეული სამთავრობო წრეები იდგნენ.


“დღემდე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა და ხმები ჩემი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტების მეშვეობით ვრცელდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ხმების გავრცელებას მთავრობის ცალკეული წევრები უწყობდნენ ხელს”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.


11 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დაადასტურა ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ დეტალები მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)