ბურჯანაძეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდა სურს

გაზეთ “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი სერიოზულად ფიქრობს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. მისი თქმით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები უნდა გაიზარდოს.


“ვფიქრობ, პარლამენტი მთლიანად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მას აკისრია. მხედველობაში მაქვს არა კანონშემოქმედებითი, არამედ საზედამხედველო, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქცია“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, გასულ წელს პარლამენტს “ფორსმაჟორულ სიტუაციაში“ მოუხდა მუშაობა.


“ანომალიაა, როცა ერთ სესიაზე 90 კანონს იღებ … გარწმუნებთ, თებერვლიდან ასე აღარ იქნება იმიტომ, რომ ერთ სესიაზე მიღებული 80 კანონი სათანადო ხარისხის ვერ იქნება“, აღნიშნა ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ იგი უკვე ესაუბრა ამ საკითხზე პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და ორივე მიესალმა მის პოზიციას. 


“იმედი მაქვს, რომ პარლამენტში რომელიმე კანონის ჩაგდება ან დაწუნება მთავრობის მხრიდან არ იქნება აღქმული, როგორც დაპირისპირება და სახელისუფლებო კრიზისი“, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)