ექსპერტები, პოლიტიკოსები ჟვანიას გარდაცვალების შემდგომ პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობენ

დამკვირვებელთა შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვემოთ მოყვანილია პოლიტიკურ მიმოხილველთა და პოლიტიკოსთა კომენტარები, რომლებიც “სივილ ჯორჯიას” პოსტ-ჟვანიასეულ პერიოდში მოსალოდნელ პოლიტიკურ ძვრებზე ესაუბრნენ.


გია ნოდია, ექსპერტი


არა მგონია, რომ ამ ფაქტმა პოლიტიკური კურსი შეცვალოს, მაგრამ მოსალოდნელია გადაჯგუფებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ზოგადად ხელისუფლებაში, ასევე პარლამენტშიც, სადაც ჟვანიასთან ასოცირებულმა გუნდის წევრებმა უცბად თითქოს არაფორმალური სტატუსი შეიძინეს.


ჟვანიას, როგორც მაბალანსებელი ფიგურის არარსებობა, ყველაზე საგულისხმო მომენტია. დღევანდელ ხელისუფლებაში ყოველთვის განასხვავებდნენ ორ არაფორმალურ ჯგუფს  – რადიკალურს და ზომიერს, რაც აწონასწორებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და რაც ჩემი აზრით, უფრო სიძლიერე და ღირსება იყო, ვიდრე ნაკლი, მითუმეტეს ოპოზიციის არარსებობის პირობებში. სამწუხაროა, რომ ეს ბალანსი შესუსტდება.


კანონზომიერი იქნება ალბათ ის ცვლილებები, რაც ამ ფაქტს მოჰყვება, რადგან ყველა ლიდერის ცვლას, და ჟვანია უდავოა, რომ იყო პოლიტიკური ლიდერი, საკადრო ცვლილებებიც მოსდევს თან.


მისი შემცვლელი ალბათ ისევ ახლანდელ მინისტრებს შორის უნდა მოვიაზროთ, მაგრამ ის არ იქნება ისეთივე ძლიერი ფიგურა, როგორიც ჟვანია იყო.


დავით უსუფაშვილი, ექსპერტი


ზურაბ ჟვანია დღეს თავის ნებითაც, რომ აღარ მისულიყო სამსახურში და უარი ეთქვა უფლებამოსილების განხორციელებაზე, ესეც გამოიწვევდა დიდ ცვლილებებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში და მითუმეტეს, მოჰყვება ეს ცვლილებები მის გარდაცვალებას.


გარდაცვალების მომენტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე უარესი ვერსია იყო, რაც ქვეყნის საზიანოდ შეიძლებოდა მომხდარიყო, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ქვეყანა დინამიური პროცესების ეპოქაში იმყოფება, არის ახალი ინიციატივები და პრობლემებიც ბევრია დაგროვილი.


მთავრობა და მისი ბედი კონსტიტუციურად მიბმულია პრემიერ-მინისტრის ფიგურაზე. არა მგონია, რომ რაიმე ფუნდამენტალური ცვლილებები მოჰყვეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას, რომელიც რიგითი ფიგურა არ იყო ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ცვლილებები აშკარაა, რომ იქნება.


თუ სააკაშვილი-ჟვანიას ტანდემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში კარგად გრძნობდა თავს და ეს არსებულ კონსტიტუციურ მოდელშიც ზუსტად არის ასახული, იგივე ამ მოდელში სხვა პიროვნების შერჩევა არ იქნება მარტივი.


პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტს 7 დღე აქვს და დაველოდოთ მის არჩევანს.


რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ჟვანიას გუნდად წოდებულ პოლიტიკურ ჯგუფს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ უკვე დე ფაქტო მოუწევს ნაციონალური მოძრაობის წევრად გახდომა, რადგან მეეჭვება, რომ გუნდის რომელიმე წევრმა შეძლოს ჟვანიას ლიდერობის ჩანაცვლება.


ია ანთაძე, ექსპერტი


ძნელია ასეთ დროს რაიმე პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა ალბათ უფრო სწორხაზოვანი და უფრო მეტად ღარიბი გახდება.


საზოგადოებამდე ასე თუ ისე მაინც შეჯერებული პოზიციები მოდიოდა ხოლმე, რადგან გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მიმდინარეობდა კამათი ხელისუფლების რადიკალური ნაბიჯების მომხრე და უფრო ზომიერ ნაწილს შორის.


აქედან გამომდინარე ზურაბ ჟვანიას როლი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომავალში უფრო კარგად წარმოჩინდება და აისახება იმაში, თუ რამდენად შეძლებს სააკაშვილი არ დაიბნეს და მიიღოს კონცენტრირებული გადაწყვეტილებები.


ფიქრია ჩიხრაძე, “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, რაც ადამიანურად ძალიან მძიმეა ჩემთვის და გორში მომხდარი ტერაქტი ქვეყანაში მადესტაბილიზებელ განცდას აჩენს.


პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ალბათ სერიოზულად აისახება. ჟვანია დიდი ხანია პოლიტიკის სათავეში დგას, ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც თავისი მრავალმხრივი გავლენა და ფესვები აქვს ყველა მიმართულებით: იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურები, თუ მედია და არასამთავრობო სექტორი.


ყველას ჰქონდა განცდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ჟვანია სტაბილურობის ელემენტს და დამაბალანსებელს წარმოადგენდა. და როცა ხელისუფლებას ასეთი ფაქტორი აკლდება, ეს ქვეყანაზეც შესაბამისად აისახება.


ჟვანიას გარდაცვალებამ ავტომატურად გამოიწვია ცვლილებები, რადგან მთელი კაბინეტი გადამდგარად ითვლება. მგონია, რომ ძლიან მალე მოხდება მისი კადრების ჩანაცვლება, რომელთაც იგი ყოველთვის ლობირებდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას ფესვები ძალიან ღრმად ჰქონდა გადგმული ცვლილებები ქვედა ეშელონებში ერთბაშად არ განხორციელდება.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის მომავალ კანდიდატურას, მე როგორც ოპოზიციონერი, რაიმე კულუარულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მედიაში არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი, რომ [თავდაცვის მინისტრი]ირაკლი ოქრუაშვილი ემზადება თითქოს პრემიერობისთვის.


ჩემი აზრით, ჯობია, რომ ეს პოსტი პოლიტიკურად ნაკლებად ამბიციურმა და უფრო საქმიანმა ადამიანმა დაიკავოს. 


დავით ბერძენიშვილი, “რესპუბლიკური პარტია”


შეშფოთებას იწვევს ჩვენი თაობის პოლიტიკური ფიგურის უცნაური და მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტი და ქმნის განცდას, რომ ქვეყანაში მთავრობის წევრებიც კი არ არიან დაცულნი.


ეს ფაქტი არსებითად ხელისუფლების პოლიტიკურ ხაზს არ შეცვლის და არც შიდა პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ პირველ ეტაპზე მაინც ჟვანიას არ ყოფნა პრობლემებს შეუქმნის სააკაშვილის ხელისუფლებას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)