პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
40 წლის ნოღაიდელი საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი გახდა. |
მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის ოპოზიციურმა ჯგუფებმა. ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა, რომელიც დეკემბერში დამტკიცებული პროგრამის “ზუსტი ასლი” და “უფრო ლოზუნგებისა და დაპირებების ნაკრებია, ვიდრე დოკუმენტი”.
“მემარჯვენეებმა” ასევე გააკრიტიკეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან “უფლებამოსილების გადამეტება” და მისი გენერალური შტაბის საქმეებში ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა გენერალიტეტს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა.
ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი “კონსერვატორების” განცხადებით, მთავრობა “მატყუარაა”, იმის გამო, რომ არ ასრულებს “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებას მცირე და საშუალო მეწარმეობის გადასახადებისაგან გათავისუფლებისა და პენსიების სტაჟისა და ნამსახურები წლების მიხედვით დანიშვნასთან დაკავშირებით.
“რესპუბლიკელებისთვის” კი გაუგებარია, რატომ არ მიდის მთავრობა სამინისტროების ოპტიმიზაციის გზით. “არსებობს უფუნქციო პოსტები მთავრობაში, რომელიც მხოლოდ იმიტომ ნარჩუნდება, რომ ცალკეული ადამიანები მათი წარსული დამსახურების გამო დაუსაქმებელნი არ დარჩნენ”, აცხადებს “რესპუბლიკელი”დავით ბერძენიშვილი.
ცვლილებები მთავრობაში 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას უცაბედ გარდაცვალებას მოჰყვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ხდება მთავრობის შეცვლა.
მთავრობის ახალ შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: საქართველოს ელჩმა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე; კოტე კემულარია, რომელსაც დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყვიტა, იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იქნება, ხოლო იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
დანარჩენმა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს:
ვანო მერაბიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
სალომე ზურაბიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი;
ალექსი ალექსიშვილი – ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი;
კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
გოკა გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი;
ეთერ ასტემიროვა – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
გოგა ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ზინაიდა ბესტაევა – სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში;
გიორგი ბარამიძე – სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
კახა ბენდუქიძე – სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)