პუტინი: პერმანენტული რევოლუციების დანერგვის საჭიროება არ არსებობს
სლოვაკეთში გამგზავრებამდე 22 თებერვალს სლოვაკ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს დსთ-ის ქვეყნებში. მისი თქმით, არ არის საჭირო “პერმანენტული რევოლუციების თეორიის დანერგვა“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
მისი კომენტარი განაპირობა კითხვამ რუსეთის გარშემო “პროდასავლური წრის“ შექმნის თაობაზე, კერძოდ, ჟურნალისტს მხედველობაში ჰქონდა საქართველო და უკრაინა, სადაც საპროტესტო აქციები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით დამთავრდა.
ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 24 თებერვალს ბრატისლავაში მოლაპარაკებებს გამართავს თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯორჯ ბუშთან , განაცხადა, რომ რუსეთი არ არის შეშფოთებული იმ “ბობოქარი მოვლენებით“, რომელთაც საქართველოში და უკრაინაში ჰქონდა ადგილი. “ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს მოვლენები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს სცილდება“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
“უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია ნიშნავს სწორ კანონს და უნარს, დავიცვათ ეს კანონი“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
“რატომ აქვთ ზოგიერთ ქვეყანას და ზოგიერთ ერს პრივილეგია დაიცვან კანონები და შეინარჩუნონ სტაბილურობა, როცა სხვები განწირულნი არიან პერმანენტული რევოლუციებისთვის“, დასძინა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვისთვის არაფერი შეცვლილა, რადგანაც ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორი პროდასავლური პოლიტიკოსები არიან.
“ჩვენთვის ყოფილი პრეზიდენტი [ედუარდ შევარდნაძე] და ახლანდელი [მიხეილ სააკაშვილი] ერთნაირად მიმზიდველი პარტნიორები არიან, რომელთანაც ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო ენა და მოვაგვაროთ საკითხები საქართველოს, რუსეთის და მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის ინტერესების დაცვით“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი დსთ-ის ქვეყნებს თანასწორუფლებიან პარტნიორებად განიხილავს. “მხოლოდ ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავენ თავიანთ მომავალს – რევოლუციების გზით, თუ კანონისა და კონსტიტუციის დაცვით, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში“, აღნიშნა პუტინმა.
“იმედი მაქვს, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის თითოეული ერი და თითოეული ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს და ეს ინსტრუმენტები – დემოკრატიის ინსტიტუტები, დემოკრატიის პრინციპები – თითოეულ ქვეყანაში საბოლოოდ გამარჯვებას მოიპოვებენ “, დასძინა პუტინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)