მოსკოვი თბილისს ევროკავშირის რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს

3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისი ევროკავშირის რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში დაადანაშაულა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროკავშირისადმი გაკეთებული განცხადების გამო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა გამოგზავნასთან დაკავშირებით.


„მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საზღვარზე, თითქოს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ქმედებები, მათ შორის რუსეთის „პრევენციული დარტყმები“ საქართველოს წინააღმდეგ“, ნათქვამია განცხადებაში.


„ასეთი განცხადებები არ შეიძლება არ შეფასდეს, როგორც ჩრდილის მიყენების მცდელობა და რუსეთის დაპირისპირება ევროკავშირთან, რომელთანაც მოსკოვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს“, ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველო-რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების დასაცავად ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობაა საჭირო.


რუსეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შემდგომ გაგრძელებას ვეტო გასული წლის დეკემბერში დაადო. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მონიტროინგის განხორციელების საკითხი 2 მარტს ბრიუსელში ვიზიტისას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელთან ხავიერ სოლანასთან შეხვედრის დროს დააყენა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)