აშშ-ის სენატის კომიტეტი შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი 8 მარტს „შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიის მომავლის“ შესახებ მოსმენას გამართავს.


მოსმენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ჯონ ტეფტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; ბრუს ჯექსონი, გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტი; ვლადიმერ სოკორი, ჯემსთაუნის ფონდის წარმომადგენელი და ზეინო ბარანი, ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უშიშროებისა და ენერგეტიკის პროგრამების დირექტორი.


3 მარტს აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯო ლიბერმანმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთის ქვეყნებში დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის მთავრობის უნარის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.


„დემოკრატიის ხელშეწყობა გულისხმობს ამერიკის მორალური მანდატის განხორციელებას და ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას უწყობს ხელს. საქართველოში, ავღანეთში, ერაყში და პალესტინაში ბოლო დროს განვითარებული დრამატული მოვლენები ცხადყოფენ ამ ხალხების სურვილს იცხოვრონ თავისუფალ გარემოში“, ნათქვამია სენატორ მაკკეინის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


აშშ-ის კონგრესმენმა ფრანკ ვოლფმა და ტომ ლანტოსმა ასევე წარადგინეს ანალოგიური კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში.


7 მარტს ქართული მედია იტყობინებოდა, რომ აშშ-ის სენატორმა რიჩარდ ლუგარმა სენატს წარუდგინა რეზოლუცია რუსული ჯარების საქართველოდან და მოლდოვადან გაყვანისა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო საზღვრის მონიტორინგის თაობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)