პრეზიდენტი ახალქალაქელებს ქართულ შეიარაღებულ ძალებში დასაქმებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  რუსული ბაზების საქართველოდან გასვლის შემდეგ ბაზებზე მოსამსახურე ყველა პირი ქართულ შეიარაღებულ ძალებში დასაქმდება.


“რუსული ბაზები საქართველოდან გასვლის შემდეგ, ჩვენ ყველა მოსამსახურეს, მათ შორის ახალქალაქის მოსახლეობას, მივცემთ ქართულ შეიარაღებულ ძალებში დასაქმების საშუალებას. არც ერთი კვალიფიციური ადამიანი უმუშევარი არ დარჩება“, განაცხადა დღეს თელავში მე-11 ბატალიონის მონახულების შემდეგ პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა აქვე დასძინა, რომ რუსულ ბაზებს უცხოელი სამხედროები არ ჩაანაცვლებენ.


13 მარტს ახალქალაქში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა განცხადებითაც სამხედრო ბაზა მათი დასაქმების ერთადერთი წყაროა, რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)