ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის დემონტაჟი მიმდინარეობს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბანაკის დემონტაჟი მიმდინარეობს.
“თავდაცვის უწყებაში შემუშავებულია ახალი სტრატეგია რეზერვისტთა ბანაკების ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით. ძევერის რეზერვისტთა ბანაკის დემონტაჟიც ამითაა განპირობებული“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეზერვისტების ბანაკის განთავსების ახალ ადგილს შეარჩევს.
ძევერის რეზერვისტთა ბანაკი, რომელიც ცხინვალიდან 12–13 კმ–ით არის დაშორებული, გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. ცხინვალი კონფლიქტის ზონაში ქართველი რეზერვისტთა ბანაკის განლაგებას პროტესტით შეხვდა და ქართული მხარე არსებული შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.
“ოსების უსაფუძვლო გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტეთ ძევერის ბანაკის დემონტაჟი”, განუცხადა 19 აპრილს “სივილ ჯორჯიას” ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა.
1992 წლის შეთანხმების მიხედვით მხოლოდ ერთობლივი ქართულ-ოსურ-რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებაა დაშვებული კონფლიქტის ზონაში. ამავე შეთანხმების მიხედვით კონფლიქტის ზონად ითვლება ცხინვალიდან 15 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)