მთავრობამ საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა გადადო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა ინფლაციის საფრთხის მოტივით დარჩენილ სახელფასო და საკომპენსაციო დავალიანებებს 2006 წელს გაისტუმრებს. თავდაპირველად, მთავრობა ამ დავალიანების გასტუმრებას მიმდინარე წელს გეგმავდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზუსტი გამოანგარიშების შედეგად დავალიანება უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხა 100 მილიონ ლარს შეადგენს.
„ჩვენ დილემის წინაშე აღმოვჩნდით: თუ გავზრდიდით ხარჯებს დავალიანების გასასტუმრებლად, ეს სერიოზულ მიკროეკონომიკურ პრობლემას გამოიწვევდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ დავალიანება მომავალ წელს გავისტუმროთ“, განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.
საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს მთავრობამ უკვე გაისტუმრა 130 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო დავალიანება, რომელიც გასულ წლებში დაგროვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)