რამიშვილის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

თბილისის საოლქო სასამართლომ 2 სექტემბერს დაგეგმილ პროცესზე ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის ადვოკატების სარჩელი უნდა განიხილოს. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოს გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც რამიშვილს და დავით კოხრეიძეს, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 


ამავდროულად, 1 სექტემბეტს ახალი დეტალები გამოვლინდა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა რამიშვილს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაშო ედება ბრალი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გაჟღერებულია იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც ბექაურსა და რამიშვილს შორის შუამავლობდა – ეს არის ირმა სტეფნაძე, რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.  შსს-ს განცხადებით, რამიშვილი და ბექაური სტეფნაძის ბინაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც რამიშვილმა ბექაურისგან 30 000 აშშ დოლარი აიღო – ეს არის იმ თანხის ნაწილი  – 100 000 აშშ დოლარი, – რომელსაც რამიშვილი, სავარაუდოდ, ბექაურს სძალავდა იმის სანაცვლოდ, რომ არ გაეშვა მისი მაკომპრომიტირებელი მასალა ტელევიზიით. ირმა სტეფნაძე რამიშვილის და ბექაურის დიდი ხნის საერთო მეგობარია.


29 აგვისტოს გამართულ პროცესზე რამიშვილმა განაცხადა, რომ იგი იმედებს ამყარებდა ბინის მეპატრონის ჩვენებებზე (მაშინ მან მეპატრონის სახელი არ დაასახელა), თუმცა შემდეგ სტეფნაძემ რამიშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ისიც კი განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა მას 5 000 აშშ დოლარი შესთავაზა, თუმცა მან ამ თანხის აღებაზე უარი განაცხადა.


შედეგად, სტეფნაძე მეორე ადამიანი გახდა, ბექაურის შემდეგ, რომელმაც ჩვენება რამიშვილის წინააღმდეგ მისცა.


თუმცა, 1 სექტემბერს რამიშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა სტეფნაძის ჩვენებას “სიცრუე და აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიებას არ აქვს მტკიცებულება, რაც დაამტკიცებს, რომ რამიშვილი ნამდვილად აშანტაჟებდა დეპუტატ კობა ბექაურს და “ახლა გამომძიებლები შეეცდებიან ნებისმიერ ხრიკს მიმართონ, რათა ყალბი ჩვენებები მოიპოვონ“.


შსს-ს განცხადებისა და ირმა სტეფნაძის ჩვენების საპასუხოდ შალვა რამიშვილმა 1 სექტემბერს მისი ადვოკატების დახმარებით ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ტელეკომპანიის თანადამფუძნებელი განვითარებული მოვლენების თავის ვერსიაზე საუბრობს და ორ ახალ პიროვნებასაც ასახელებს, რომელთა დაკითხვაც მოუწევთ სავარაუდოდ გამომძიებლებს.


წერილში ნათქვამია, რომ “კობა ბექაური ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბევრჯერ მთხოვდა, მემუქრებოდა, რომ სტუდია “რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმი არ გასულიყო ეთერში“, სადაც საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან” დაკავშირებით ბექაურის უკანონო საქმიანობაზეა საუბარი.


“მისი [ბექაურის] ზარები იმდენად ხშირი და მომაბეზრებელი იყო, რომ მე უამრავ ადამიანს ვეუბნებოდი [იურიდიულ ექსპერტ თინა ხიდაშელს,  “თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს ლევან რამიშვილს, სხვებს] მომაშორეთ ეს აბეზარი ბექაური–მეთქი“, აცხადებს შალვა რამიშვილი წერილში.


ორივემ ხიდაშელმა და რამიშვილმა უკვე დაადასტურეს, რომ რამიშვილი მართლაც ეუბნებოდა მათ კობა ბექაურის ზარების და მოთხოვნების თაობაზე.


“23 თუ 24 აგვისტოს ქობულეთში ყოფნისას დამირეკა ირმა სტეფნაძემ, ჩემმა კარგმა ნაცნობმა და მითხრა ბექაურს ჩემთან რაღაც კომერციული წინადადება აქვს. ამ წინადადების განხილვაზე უარი ვუთხარი. თბილისში შევხვდი სტეფნაძეს, რომელმაც მითხრა, რომ ბექაური არნახულ თანხას –  100 ათას აშშ დოლარს იხდიდა ფილმის არ გაშვებაში. მე ჩავთვალე, რომ ამ ფაქტის დაფიქსირება, იმისა, რომ ბექაური დიდ თანხას იხდიდა, არგუმენტებს გაამყარებდა“, აცხადებს რამიშვილი თავის წერილში.


როგორც წერილიდან ჩანს, რამიშვილი ბექაურს ბანკში საკუთარ ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვას დაჟინებით სთხოვდა.


“ამის თაობაზე იცის “ბაზის ბანკის“ ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად ზურა ციხისთავმა, რომელსაც ვთხოვე გამოეყო ჩემთვის და ბექაურისთვის ოთახი, სადაც იქნებოდა კამერები, დაითვლებოდა ფული და მოხდებოდა ეს ტრანსაქცია“, აცხადებს რამიშვილი.


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის განცხადებით, ზურა ციხისთავმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.


თუმცა შალვა რამიშვილის ინფორმაციით, ვითარება 27 აგვისტოს ირმა სტეფნაძის კიდევ ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ შეიცვალა, როცა სტეფნაძემ აუწყა, რომ გეგმების შეცვლის გამო ფულის გადაცემა მის სახლში უნდა მომხდარიყო.


რამიშვილი აცხადებს, რომ ბექაურთან პირველ შეხვედრაზე, სადაც მისი თქმით,  ვერ მოახერხა ფარული კამერით მისვლა, მან ფული აიღო, რათა ბაქაური არ დაეჭვებულიყო. რამიშვილის თქმით, მან იმიტომ ვერ შეძლო ფარული კამერის წაღება ფულის გადაცემის პროცესის გადასაღებად, რომ ვახტანგ კომახიძე, სტუდია “რეპორტიორის“ დირექტორი მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა. რამიშვილის თქმით, იგი ფულის გადაცემის პროცესის გადაღებას ბექაურთან მეორე შეხვედრაზე აპირებდა.


შსს–ს მიერ გავრცელებულ ფარული კამერით გადაღებულ ვიდეო მასალაში, რომელიც ბექაურმა ჩაიწერა, ჩანს თუ როგორ გადასცემს ბექაური რამიშვილს ფულის შეკვრას  – 30 ათასს დოლარს. მასალაში ასევე საუბარია, რომ დანარჩენ 50 ან 70 ათასს ბექაური მეორე შეხვედრაზე გადასცემდა რამიშვილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)