საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი რუმინეთში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) შეხვედრა გაიმართა, 9 ნოემბერს რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბაცესკუს შეხვდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს გაუზიაროს თავისი გამოცდილება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში, რათა დაჩქარდეს საქართველოს ამ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესი.


რუმინეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინეთის პრეზიდენტს გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევა 23 ნოემბერს თბილისში “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად.


გელა ბეჟუაშვილი 8 ნოემბერს ბუქარესტში ასევე შეხვდა რუმინეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)