ტალიავინიმ სოხუმში შეხვედრები გამართა
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი 21 თებერვალს სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრს სერგეი შამბას და პრემიერ–მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
ტალიავინი არ შეხვედრია დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება.
“აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრებზე განხილულ იქნა ჟენევაში 2–3 თებერვალს გაეროს ეგიდით გამართული ქართულ–აფხაზური შეხვედრის შედეგები, რომლის ერთ–ერთ რეკომენდაციაც საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებზე მუშაობის გაგრძელება იყო.
ტალიავინიმ ხაზი გაუსვა ასევე გაეროს წინადადებების შესრულების აუცილებლობას, რომლებიც გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისის გახსნას, გაეროს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის შეტანას და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას ეხება.
ტალიავინის განცხადებით, მარტის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იგეგმება გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვა და აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მორიგი რეზოლუციის მიღება. უშიშროების საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, გაეროს სადამკვირვებლო მისიას ვადა მხოლოდ 2 თვით, 31 მარტამდე გაუგრძელდა.
“აფსნიპრესი“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მარტის დასაწყისში იგეგმება გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი სოხუმში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)