პროკურატურა აბაშიძეს მკვლელობაში ადანაშაულებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს თბილისის სისხლის სამართლის კოლეგიამ 1991 წელს მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის მკვლელობის ბრალდებით აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს განაჩენი კოლეგიამ აჭარის ყოფილი ლიდერის დაუსწრებლად, მისი ქვეყანაში არ ყოფნის პირობებში გამოიტანა.
ასლან აბაშიძეს უკვე მისჯილი აქვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. მას აღმკვეთი ღონისძიება ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 დეკემბერს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, ადამიანის უკანონოდ დაპატიმრების, ტერორისტული აქტების მოწყობის, კერძოდ კი 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების გამო მიუსაჯა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის წინ, 1991 წელს ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის ძიება, რომელიც შეჩერებული იყო, კვლავ განახლდა და ასლან აბაშიძე მთავარ ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)