ქართული პრესა ციხის ბუნტის შესახებ
თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი ბუნტი ქართული პრესის მთავარ თემას წარმოადგენს, რადგანაც გაზეთების უმეტესობა ეჭვის ქვეშ აყენებს ხელისუფლების პოლიტიკის ეფექტურობას პენიტენციალურ სისტემაში პირობების გაუმჯობესების კუთხით.
გაზეთი “24 საათი“ აცხადებს, რომ პენიტენციალურ სისტემაში ბოლო დროს განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა შედეგები ვერ მოიტანა. “მოლოდინი იმისა, რომ შოთა კოპაძის [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე] თანამდებობიდან გადაყენებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სისტემური სარეფორმო ცვლილებები მოყვებოდა, არ გამართლდა“, – წერს გაზეთი.
“საკადრო ცვლილებების შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში კანონის დასამყარებლად და “ქურდული მმართველობის“ დასანგრევად ხელისუფლების მიერ გადადმული სარეფორმო კონკრეტული ნაბიჯი ქუთაისის ახალი საპყრობილის გახსნა და ავტორიტეტულ კრიმინალთა დიდი ნაწილის იზოლირება გახდა… ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტთან ბრძოლის შესახებ კანონის მიღება… ეს იყო და ეს. სხვა სარეფორმო სვლები პენიტენციალურ სისტემაში არ გაკეთებულა. ცხადია, რამდენიმე “კანონიერი ქურდის“ იზოლირება პენიტენციური სისტემის რეფორმირებას არ ნიშნავს. ცხადია ისიც, რომ სისტემური ცვლილებებისა და დიდი ფინანსების გარეშე, მხოლოდ კადრების ჩანაცვლებით საქმე არ კეთდება“, – წერს “24 საათი“.
გაზეთი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში მყოფი 9 ათასზე მეტი პატიმრის უკან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები დგანან. “თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება, რომლის ძირითადი საყრდენი, “ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობის ფაქტორი იყო, სწორედ ამ ნდობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება“, – წერს გაზეთი.
გაზეთ “რეზონანსის“ ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა თავდაპირველად დაიბნა ციხის ამბოხების გამო, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კომენტარების გაკეთება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციების შემდეგ დაიწყეს. დეპუტატი ელენე თევდორაძე ერთადერთი იყო, ვინც კომენტარი გააკეთა და საქმის გამოძიება მოითხოვა – ეს მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას დაემთხვა. თუმცა, “რეზონანსის“ ცნობით, მოგვიანებით თევდორაძემ შეამსუბუქა პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიასთან მოუვიდა კამათი.
“რეზონანსი“ აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ქვეყნის ხელმძღვანელობამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ბუნტისთვის ამბოხების მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა, მაშინ როცა ოპოზიციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას პატიმრებთან არაადამიანურ მოპყრობაში დასდო ბრალი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)