გივი თარგამაძე უარყოფს რუსი ჟურნალისტის ბრალდებებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი თარგამაძემ უარყო რუსი ჟურნალისტის ბრალდებები, თითქოს ქართველი დეპუტატი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრე მილინკევიჩის მკვლელობას გეგმავდა და ამ ბრალდებას “სასაცილო“ უწოდა.


რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის“ გადაცემა “ოდნაკოს“ წამყვანმა, ჟურნალისტმა მიხეილ ლეონტიევმა თავის სატელევიზიო გადაცემაში გადასცა ორ პიროვნებას შორის საუბარი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ლეონტიევის თქმით გივი თარგამაძეა, უკმაყოფილებას გამოხატავს მილინკევიჩის მიმართ, რადგანაც ამ უკანასკნელმა მინსკში მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები დაშალა.


“ის ახლა ევროპაში მოგზაურობს და თავისთვის PR-ს იკეთებს“, – აცხადებს უცნობი პიროვნება სატელეფონო საუბრისას.


“ის ტურინში მიემგზავრება. იქ ჩემი და ცხოვრობს და მე მოველაპარაკები ჩემს სიძეს მოკლას ის [მილინკევიჩი]“, – აცხადებს ხმა, რომელიც ლეონტიევის თქმით, გივი თარგამაძეა.


აუდიოფირის გაშვების შემდეგ ლეონტიევმა განაცხადა, “აი ასე იდგმება რევოლუციები“.


“ეს სასაცილოა… ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.


ოპოზიციური “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 18 აპრილს განაცხადა, რომ ამ “სერიოზული ბრალდებების“ გასაქარწყლებლად, “ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა შეამოწმოს სატელეფონო საუბარი, ოღონდ არა საქართველოში“.


გადაცემა “ოდნაკოს“ წამყვანი მიხეილ ლეონტიევი ცნობილია სკანდალური ბრალდებების წაყენებით, როგორც თავის გადაცემაში, ისე სხვადასხვა ინტერვიუების დროს. 2001 წელს მან ვიქტორ იუშჩენკოს, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მეუღლე კატერინა იუშჩენკო-ჩუმაჩენკო თავისი მეუღლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებაში დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ის აშშ-ს აგენტი იყო. თუმცა, კატერინა იუშჩენკო-ჩუმაჩენკომ ლეონტევის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში საქმე აღძრა და 2003 წელს პროცესი მოიგო.         


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)