ვალერი კენიაიკინი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გაუწევს კურირებას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაიკინი რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელად დანიშნა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვალერი კენიაკინი ასევე უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას სამხედრო საკითხებზე საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესში.
ამავე ინფორმაციით, ეს თანამდებობა მანამდე დსთ–ს საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს იგორ სავოლსკის ეკავა.
ვალერი კენიაიკინი ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე იყო, თუმცა იგი 21 მარტს ამ თანამდებობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იური პოპოვმა შეცვალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)