სააკაშვილი მთავრობას ბიზნესის ხელოვნურად შეფერხების ფაქტების აღკვეთას ავალებს
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას მთავრობის წევრებს დაავალა არ დაუშვან ბიზნესის, მათ შორის ქართული ბიზნესის, ხელოვნურად შეფერხების არც ერთი ფაქტი, თუმცა დასძინა, რომ თუ რომელიმე ბიზნესმენი “მტყუანია“, კონკრეტული ფაქტი უნდა იქნას შესწავლილი. კერძოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი იმ ინფორმაციას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც ხორცის მწარმოებელ წამყვან ავსტიურ კომპანია Schirnhofer-ს საქართველოს ხელისუფლებისგან პრობლემები შეექმნა ქვეყანაში ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით.
“ეს საკითხი [კომპანიასთან დაკავშირებით] ავსტიის კანცლერმა [ვოლფგანგ შუსელმა] დააყენა ჩვენი ავსტრიაში ვიზიტის დროს [მარტის ბოლოს]… ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და ახლა ავსტრიის ხორცის მწარმოებელ კომპანიას პრობლემები აღარ აქვს; ყველა საკითხი მოგვარებულია. ჩვენ ასევე შევისწავლით, თუ რატომ წარმოიშვა ეს პრობლემები და ინფორმაციას წარმოვადგენთ”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის სხდომაზე.
ცოტა ხნის წინ მრეწველთა პარტიის ლიდერმა, კომპანია “ყაზბეგის” პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ ხელისუფლება ადგილობრივ მეწარმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, თუმცა დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ამის შესახებ არც იცოდეს.
“კატეგორიულად გავალებთ არ დაუშვათ თუნდაც ერთ შემთხვევაში, თუნდაც ერთი ფაქტი ხელოვნური შეფერხებები დადგეს რომელიმე, თუნდაც ყველაზე პატარა ბიზნესის მიმართ. ეს ეხება არა მხოლოდ დიდ ბიზნესებს, არა მხოლოდ უცხოელებს, პირველ რიგში ქართველებს. პირველ რიგში ყველაზე მცირე ქართველი მეწარმეც კი არ უნდა გრძნობდეს, რომ არსებობს თანამდებობის პირი – გამგებელი, გამგებლის მოადგილე, პოლიციის უფროსი, რომელსაც შეუძლია რაიმე სახის პრობლემები შეუქმნას რომელიმე სახის ბიზნესს, ამიტომ მე გთხოვთ, თუ ვინმე მტყუანია, დაუსაბუთოთ რატომ არის მტყუანი“, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.
“ეს არის ჩემი მთავარი სიამაყე, რომ ეს [ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები] ჩვენ მოვიტოვეთ უკან“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის დონის შემცირების შესახებ და ლიბერალური ბიზნეს–გარემოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“საქართველო ევროპაში კორუფციის დონით ბოლოდან მეორე ადგილზეა 50-ზე მეტ ქვეყანაში, როცა ჩვენ ვიყავით პირველ სამეულში ცოტა ხნის წინ. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები ევროპაში და ახლა მივდივართ იქით, რომ საერთოდ ყველაზე დაბალი გადასახადები იყოს. საქართველოში არის ყველაზე ნაკლები ლიცენზიების მოთხოვნა… ჩვენ გვინდა ჩვენი [ბიზნეს] გარემო იყოს იმდენად თავისუფალი, იმდენად ლიბერალური, რომ საერთოდ კონკურენტი არ გვყავდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს გარშემო რეგიონში და იმედია, როდესმე მსოფლიოშიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა 10 მაისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)