ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან პირველი ტანკერი დაიტვირთა
თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით ტრანსპორტირებული პირველი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, იტყობინება BP.
დაახლოებით 600,000 ბარელი აზერბაიჯანული ნავთობი BP-ის ტანკერზე დაიტვირთა.
დატვირთვას წინ უძღოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შემოწმების, მომზადების და შევსების დასრულება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე.
აზერი-ჩირაგი-გიუნაშლის (ACG) საბადოებიდან 1,768-კილომეტრიანი ნავთობსადენის შესავსებად 10 მილიონი ბარელი ნავთობი გახდა საჭირო. ნავთობით დატვირთვის პროცესი 2005 წლის მაისში დაიწყო.
“ამჟამად ნავთობსადენი მხოლოდ ACG საბადოებს ემსახურება, მაგრამ მოსალოდნელია მეტი მოცულობის მოზიდვა სხვა საბადოებიდან“, – აცხადებს BP.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)