ცხინვალი კონფლიქტის ზონაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს
9 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ავნევში ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც ქართული მხარის მტკიცებით, ყალბი ვალუტით მოვაჭრეთა დაკავებას ისახავდა მიზნად, ცხინვალმა გააპროტესტა და მას მორიგი “პროვოკაცია“ უწოდა.
ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ქართული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ავნევში “ნივის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი მგზავრი, ოსი ეროვნების იანიკ გოციევი და ალან ბაზაევი.
ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, სპეცოპერაცია ანტიკრიმინალურ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, ალან ბაზაევი, რომელიც პოლიციასთან შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად დააკავეს, ეჭვმიტანილია ყალბი დოლარების გასაღებაში.
შსს–ს ცნობით, დაკავებულს 100 ათასი ყალბი აშშ დოლარი და ავტომატური იარაღი აღმოაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ამგვარი ქმედებებით სურს საერთაშორისო საზოგადოების თვალში ცხინვალს “კრიმინალური იმიჯი შეუქმნას“.
“რია ნოვოსტი” ცხინვალის რეგიონში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით 10 ივნისს იტყობინება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სპეცოპერაცია კრიმინალში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ ტარდება, ეს შეთანხმებული უნდა იყოს სამშვიდობოებთან, რასაც “ადგილი არ ჰქონია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)