ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას მყარად განაგრძოს ნატოში ინტეგრაციის კურსი

13 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა და კონსერვატორულმა პარტიებმა მოუწოდეს ხელისუფლებას არ წავიდნენ კომპრომისზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ამავე დროს, თავიდან აიცილონ რუსეთთან “ხელოვნური“ დაძაბულობა.


დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოზიციის შეცვლას და მეზობელ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებთან “დემოკრატიული სტანდარტების“ შესაბამისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამდენად, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რეალურ საშუალებად რჩება საქართველოს გაერთიანება ისეთ საერთაშორისო სისტემაში, რომლის ერთობლივ ძალას რუსეთი ანგარიშს გაუწევს. ეს იქნება საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.  


“ნატოში გაწევრიანება არ არის დღეებისა თუ თვეების საკითხი; ვითარების ყველაზე ხელსაყრელი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, ამ მიზნის მიღწევას წლები დასჭირდება. ამ დროის მანძილზე საქართველომ ინტენსიური დიალოგის რეჟიმში უნდა იმუშავოს არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ რუსეთის ფედერაციასთან“, – ნათქვამია დეკლარაციაში.  


“ერთნაირად დაუშვებელია როგორც ისეთ დათმობებზე წასვლა, რომლებიც მიზანს დაგვაშორებს, ისე რუსეთთან ურთიერთობების ხელოვნურად გამწვავებაზე, მათ შორის მისი ლიდერებისა თუ მოქალაქეების ღირსების შემლახავი ქმედებებითა და განცხადებებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 


დეკლარაცია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ გაცნობიერა, რომ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ნატოში ინტეგრაციის პროცესს წინ უნდა უსწრებდეს.


“საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გრძელვადიანი სტრატეგიული გეოპოლიტიკური ამოცანაა… ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იზიარებს აღნიშნულ პოსტულატს, ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველყოს ამ ამოცანის გადაწყვეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.


რესპუბლიკელებმა და კონსერვატორებმა ერთობლივი დეკლარაცია სანკტ-პეტერბურგში 13 ივნისს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გაავრცელეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)