მერაბიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრს ხვდება
სამხრეთ ოსეთის მხარემ მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დასტური შეხვდეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
“იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, რომელიც 22 ივნისს გაიმართება, დაგვეხმარება დაძაბულობის განმუხტვაში“, – განაცხადა მინძაევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში გაიმართება.
შსკ–ს თანათავმჯდომარეები – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ჩოჩიევი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი და ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მურატ ტხოსტოვი – 22 ივნისს ცხინვალში შეიკრიბებიან და კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და ბრიუსელში 14 ივნისს გამართული დონორთა კონფერენციის შედეგებს განიხილავენ.
მიხეილ მინძაევმა ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილთან შეხვედრის დროს ის ასევე დააყენებს კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის საგუშაგოების “უკანონო გადაადგილების“ საკითხს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)