“რუსთავის 2“–ის დირექტორმა ხოფერიაზე ტელეკომპანიის მხრიდან ზეწოლა უარყო
დღეს “რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ წამყვანი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას მიერ ტელეკომპანიის სკანდალურად დატოვების ფაქტს “აბსოლუტური მოულოდნელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ “რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და “მითუმეტეს მის გადაცემაში ჩარევის მცდელობას“ ადგილი არ ჰქონია.
“გადაცემაში სტუმრების შერჩევაში და მის დაგეგმვაში მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. ეკა ხოფერიასთან [6 ივლისს] დღის განმავლობაში შემდგარი საუბრების დროს მას არ უხსენებია მასზე ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის არსებობის შესახებ“, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ნიკა ტაბატაძემ და აქვე დასძინა, რომ “რუსთავი 2“–ის საქმეებში ვინმეს მხრიდან ჩარევა ან ზეწოლა “გამორიცხულია”.
6 ივლისს ეკა ხოფერიამ თოქ–შოუ “თავისუფალ თემაში” განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის თემაზე მის გადაცემაში იყო პირობა, რომ ბოლო სტუმარი შსს–ს კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია უნდა ყოფილიყო, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ ახალაია შესაძლოა გირგვლიანის მკვლელობასთან იყოს კავშირში.
“თავად ეკამ მითხრა, რომ ის არ აპირებდა ამ პირობის დაკმაყოფილებას და გეგმავდა ახალაიასთან ინტერვიუს შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებული მხარის ადვოკატებისაგან კომენტარის აღებას, რომლებიც ასევე გადაცემაში იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ნიკა ტაბატაძემ.
ტაბატაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეკა ხოფერიამ საავტორო გადაცემაში ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და ეთერი შეწყდა, იგი შეხვდა და ესაუბრა “მეგობარ“ ხოფერიას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხოფერია მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა “რუსთავი 2“–თან.
“ჩემთან საუბარში მან გაიმეორა [ტელეკომპანიიდან წასვლის] ორი მიზეზი,რაც თქვა გადაცემაში. ერთი ის, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ახალაიას მოთხოვნა გადაცემაში ბოლო სტუმრის სტატუსის შესახებ და მეორე და ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა, რომ ის ფიქრობს, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ტაბატაძემ და არ გამორიცხა, ხოფერიას პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობა.
“რუსთავი 2″–სა და ეკა ხოფერიას შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივად ხელსაყრელი. ჯერ–ჯერობით ხოფერიას არ აქვს სურვილი, რომ თოქ–შოუ გააგრძელოს იმ მძიმე გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან გუშინ მიიღო, თუმცა პოლიტიკური თოქ–შოუ რუსთავი2–ზე იქნება“, – განაცხადა ტაბატაძემ.
თავად ეკა ხოფერიას ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა იგი პირველი იყო, როცა ჟურნალისტმა ზეწოლის შესახებ განცხადება ხმამაღლა გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)