პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარლამენტის წინაშე წარსდგა ანგარიშით, რომელიც 2005 წლის მეორე ნახევრისა და მიმდინარე წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს ეხება.
ანგარიშში საუბარია 27 მარტს თბილისის მე–5 საპყრობილეში მომხდარ ამბოხებაზე, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სხვა ფაქტებზე.
“ციხეში ამბოხება იყო სპონტანური, რადგან ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე პატიმარი იყო სასტიკად ნაცემი სპეცრაზმის მიერ, სადაც ასევე იმყოფებოდა [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე] ბაჩო ახალაია“, – განაცხადა სუბარმა და აქვე დასძინა, რომ ამბოხების ჩახშობისას ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, ამ ინციდენტის დროს დაღუპული 7 პატიმრის გარდა, ციხეებში ბოლო პერიოდში კიდევ 26 ადამიანია გარდაცვლილი.
გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მას პირადად არ სჯერა გამოძიების ოფიციალური ვერსიის, თითქოს მკვლელობა შსს–ს ყოფილ თანამშრომლებთან, ახლა უკვე მსჯავრდებულებთან მსხვერპლის სპონტანური შელაპარაკების შედეგი იყო.
“მაგრამ ძალიან ძნელია ამ საქმეში [დათა]ახალაიას, [ვასილ]სანოძის და სხვების დანაშაულის დამტკიცება“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, მაშინ როცა ამ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომაზე საუბრობენ, “ფაქტიურად“ ისევ ინარჩუნებს თანამდებობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია, რომელსაც თანამდებობრივი უფლებამოსილება დროებით აქვს შეჩერებული.
სუბარმა გირგვლიანის საქმეზე პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელიც პრეზიდენტმა ფინანსთა სამინისტროში ქრთამის აღების ფაქტის გამოვლენის გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან და ამასთან განუცხადა, რომ მეგობრობაზე მაღლა პასუხისმგებლობა დგას.
“გირგვლიანის საქმე გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულია და ორმაგი სტანდარტები მიუღებელია“, – განაცხადა სუბარმა.
სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა და მიესალმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამავდროულად სასამართლო სისტემა ვერ უძლებს კრიტიკას, “რადგან სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“.
სახალხო დამცველის განცხადებით, დარღვევებს ჰქონდა ადგილი ასევე ბათუმის სასტუმროებიდან დევნილების გამოსახლების დროს, სადაც სპეცრაზმის გამოყენება კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო.
სოზარ სუბარმა ასევე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის სამსახურის მუშაობის ახალი სტილს. კერძოდ, “ვცდილობთ ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ არცერთი ადამიანის უფლებეთა დარღვევის ფაქტი და არ დავეყრდნოთ მხოლოდ ოფისში შემოსულ განცხადებებს“, – აღნიშნა მან.
ოპოზიციამ სოზარ სუბარის გამოსვლა უკვე შეფასა, როგორც არასაკმარისად კრიტიკული.
“სამწუხაროდ, სოზარ სუბარმა მოლოდინი ვერ გაამართლა და იგი ვერ შედგა, როგორც სახალხო დამცველი. მისგან არავინ ითხოვდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე კრიტიკული გამოსვლა მისი მოვალეობაა”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)