ბათიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური მოძრაობა წინ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს 30 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.


ბათიაშვილი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 29 ივლისს დააპატიმრეს. მან უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.


პროკურორების განცხადებით, ბათიაშვილი “რჩევებს და მითითებებს“ აძლევდა კვიციანს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხების მოწყობის მიზნით.


ბათიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგანაც ბათიაშვილსა და კვიციანს შორის სატელეფონო საუბარი, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარმოადგინა, ვერ ადასტურებს ბათიაშვილის კავშირს შესაძლო ამბოხთან. ადვოკატის თქმით, ასევე არ დასტურდება ის ფაქტიც, რომ კვიციანი გეგმავდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობას.


ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაგმო ბათიაშვილის დაპატიმრება.


“ეს დაპატიმრება მიზნად ისახავდა [ხელისუფლების] ოპონენტების ტერორიზებას“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან.


“თუ ჩაწერილი სატელეფონო საუბარი გამოძიების ერთადერთი მტკიცებულებაა, ვერ ვხედავ დაპატიმრების რაიმე იურიდიულ საფუძველს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)