ჯაშუშობის სკანდალი დასრულდა, თუმცა დაძაბულობა რჩება
საქართველომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი 2 ოქტომბერს ეუთოს გადასცა, რითიც რუსეთთან ჯაშუშობის გარშემო ატეხილი ოთხდღიანი სკანდალი დასრულდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსი ოფიცრების გათავისუფლება არის “კეთილი ჟესტი ჩვენი დასავლელი მეგობრებისადმი“ და ეს არ არის პასუხი რუსეთის ხელმძღვანელობის მუქარაზე.
ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან კარელ დე გუხტთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუს ოფიცრებს ეუთოს გადასცემს.
“მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და მიიღო ეუთოს წინადადება საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც, სხვათა შორის, გასულ შაბათს შევათანხმეთ და რომელიც, ვიმედოვნებ, რომ დაძაბულობას შეამცირებს. ასევე მოვუწოდებ რუსულ მხარეს დაძაბულობის სწრაფად შემცირების მიზნით ანალოგიურად მიუდგეს საკითხის მოგვარებას“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.
ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში უჩვენეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა გადაცემის პროცესი, რომელიც გენერალური პროკურატურის ეზოში გაიმართა.
პოლიციის დაცვამ ოთხი ხელბორკილიანი რუსი ოფიცერი გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თითოეულ ეჭვმიტანილს ოფიციალური ბრალდება წაუკითხა.
“თქვენ ბრალი გედებათ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში – დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილის 314 მუხლი, ამის გამო თქვენ გაძევებული ხართ ქვეყნიდან და ამ მომენტიდან თქვენ გეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა“, – განუცხადეს თითოეულ ეჭვმიტანილს.
შემდეგ ეზოში გამოჩნდა ეუთოს დელეგაცია მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის ხელმძღვანელობით. დელეგაციას ასევე ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.
მას შემდეგ, რაც კარელ დე გუხტს რუსი ოფიცრების ეუთოსთვის გადაცემის შესახებ ოფიციალურად განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, დაკავებულები გაამგზავრეს ეუთოს მანქანებით აეროპორტისაკენ, სადაც მათ რუსეთის საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავი ელოდებოდათ, რომელიც თბილისში 2 ოქტომბერს ჩამოფრინდა.
რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ცნობით, ეუთოს წარმომადგენლებმა კიდევ ორი რუსი ოფიცერი გააცილეს თბილისის აეროპორტში. ერთ-ერთი მათგანი ჯაშუშობაში ოფიციალურად ეჭვმიტანილი კონსტანტინე პიჩუგინი იყო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბს აფარებდა თავს. ქართულ პოლიციას შტაბის შენობა 27 სექტემბრიდან ალყაში ჰყავდა მოქცეული და პიჩუგინის გადმოცემას ითხოვდა.
ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი ოფიცრების დაჭერით საქართველომ გამოააშკარავა “შპიონაჟის ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც ჩემი ქვეყნის საბოტირებას ისახავდა მიზნად“.
“ჩვენ გავანადგურეთ დაზვერვის ქსელი საქართველოში“, – დასძინა მან.
“მინდა, ძალიან ნათლად განვაცხადო, ეს არის ძალიან კარგად დასაბუთებული საქმე, ეს არის შპიონაჟის ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. ეს საქმე დოკუმენტებით არის დასაბუთებული და საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი მტკიცებულებები ახლავს, ზოგიერთი მათგანი მსოფლიოს ტელეკომპანიებმაც გადასცეს, ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი მასალები, რომელსაც ეუთოს გადავცემთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს “თვეების და წლების განმავლობაში და ფაქტიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდან – 1991 წლიდან“ ესმის რუსეთის მუქარა შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე.
“საქართველოს გზავნილი ჩვენი მეზობელი რუსეთის მიმართ არის: კმარა. ჩვენ გვინდა კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოგვექცნენ როგორც მეორეხარისხოვანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, “საერთაშორისო საზოგადოების მაგიდაზე ფეხსაცმლის ბრახუნის დრო წავიდა ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად 60-იან წლებში“.
ეს შენიშვნა აშკარა პასუხი იყო პრეზიდენტ პუტინის მიერ 1 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ რუსი ოფიცრების დაკავება “ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პოლიტიკის სამართალმემკვიდრეობის ნიშანია“.
სააკაშვილის თქმით, არ შეიძლება ერთდროულად გქონდეს “საერთაშორისო პრესტიჟი და ძლიერი საერთაშორისო პოზიცია“ და მეორეს მხრივ “იქცეოდე როგორც საფრთხობელა და შანტაჟის გზით ცდილობდე ძირი გამოუთხარო შენს მეზობლებს“.
“ეს ორი პოზიცია ერთმანეთთან შეუთავსებელია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის “თავი დააღწიოს ამგვარ ურთიერთობებს. ჩვენ მზად ვართ ღია და თანასწორუფლებიანი ურთიერთობებისთვის ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთან“.
“დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას, ჩვენ გვექნება ასეთი ურთიერთობები… ეს არის ჩემი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლებას წინ უძღოდა ინტენსიური საერთაშორისო მცდელობები რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ამ დაძაბულობის განმუხტვას ასევე შეეცადნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა და აშშ-ს ოფიციალური პირები.
ხავიერ სოლანა უკვე მიესალმა ოფიცრების გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ “ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დალაგდება“.
2 ოქტომბერს რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
“საქართველოსთან მიმართებაში რუსული მხრიდან აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მიუღებელი და საშიშია მესამე ქვეყნის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ აღიქვას, როგორც თავისი დესტრუქციული პოლიტიკის წახალისება”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამასობაში, რუსეთის ხელისუფლებამ 2 ოქტომბერს გააკეთა განცხადება, რომ 3 ოქტომბრიდან თბილისთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. ეს განცხადება რუსი ოფიცრების გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა და ჯერ გაურკვეველია დარჩება თუ არა ეს სანქცია ძალაში ოფიცრების გათავისუფლების შემდეგაც.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ქართული ავიაკომპანიების მიერ 2001 წლიდან დაგროვილი დავალიანება, რომელიც 3,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
დღესვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ სათათბირო შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც უფლებას მისცემს მთავრობას “საჭიროების შემთხვევაში“ აკრძალოს ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან “გარკვეულ ქვეყნებში“.
This post is also available in: Русский (რუსული)