პრეზიდენტმა პარლამენტს დაკავებული დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატის გია ნუცუბიძის კორუფციული გარიგების ფაქტზე დაკავებაზე კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
გია ნუცუბიძე სამართალდამცავებმა 27 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როცა მან განათლების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის ლობირების მიზნით ქრთამის სახით 50 ათასი ლარი გადასცა.
“რამდენიმე ასეული ათასი ლარი არ მოხმარდა სკოლის გარემონტებას და გაინაწილა რამდენიმე ხარბმა ადამიანმა და პარლამენტარმა ამ საქმეში, ყველა მასალით, რომელიც არის და საბოლოოდ ამას სასამართლოც დაადასტურებს, აიღო ქრთამი“, – განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ცხინვალის რეგიონის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს და დასძინა, “ამ ბავშვებს ვინც ფული მოპარა, იმისი ადგილი არის ციხეში და არა პარლამენტში“.
“მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, მთავრობა და პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც კორუფცია არის დაუძინებელი მტერი და სანამ მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაიჯეჯილებენ ეს გათახსირებული კორუმპირებული თანამდებობის პირები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გია ნუცუბიძისათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს პროკურატურის თხოვნის საფუძველზე დეპუტატები დღეს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე გადაწყვეტენ.
“მე მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტს: ერთ საათში ამ თემაზე არის კენჭისყრა და ახლა გამოჩნდება ვინ არის ამათ [ბავშვების] მხარეს, ვინ გატუტუცდა ამ ბოლო ორ წელიწადში და ჰგონია, რომ მისი ჯიბის და მუცლის ინტერესი არის უფრო მაღალი, ვიდრე საზოგადოებრივი ინტერესი თუ ვინ არის იმ საზოგადოების მხარეს, რომელმაც სულ რაღაც ორი კვირის წინ მოგვიყვანა აბსოლუტური უმრავლესობით ყველა ადგილობრივ მერიაში და ხელისუფლების ყველა ორგანოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, “პირადად დავითვლი, ვინ მოვა კენჭისყრაზე“.
“ვინც დარჩება დღეს სახლში, ჩემთან ექნება პირადად ყველა ამ სახლში დარჩენილს საქმე და ექნება საქმე საკუთარ ხალხთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლებიც ერთმანეთს “კბილებით“ იცავენ, “ჩვენ არავის არასოდეს დავაფარეთ ხელი“. მან გაიხსენა ყოფილი დეპუტატის გია კენჭაძის დაკავების ფაქტი და სამი პარლამენტარისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევები.
“მე მინდა ვუთხრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელებს, თუ ისინი არ მიიღებენ ასეთ კენჭისყრებში მონაწილეობას, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა მთავრობას, ისინი ბოიკოტს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას… რადგან ხელს აფარებენ ამათ [ბავშვების] ფულის მომპარავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)