გაეროს დამკვირვებელთა მისია კოდორში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიძიოს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მახლობლად მომხდარი ინციდენტი, იტყობინება მისია 25 ოქტომბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
“მისიის მანდატში შედის მხარეთა ან დსთ-ს სამშვიდობო ძალების მოთხოვნის საფუძელზე ან საკუთარი ინიციატივით გამოიძიოს [ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის] შეთანხმების დარღვევის სავარაუდო ფაქტები“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
მისია ასევე იხსენებს გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელიც მხარეებისგან მოითხოვს ძალადობისგან თავშეკავებას, ნდობის აღდგენას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მკაცრად დაცვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)